გასული წლის სტიქიური უბედურებების შედეგად გლობალური ეკონომიკისთვის
მიყენებული ზარალის მთლიანი ოდენობა, 2021 წელთან შედარებით,
დაახლოებით 15%-ით შემცირდა და 320 მილიარდიდან 270 მლრდ დოლარამდე
მოიკლო. ამის შესახებ მსოფლიოს უდიდესი სადაზღვევო გერმანული
კომპანიის, Munich Re-ს მონაცემებში წერია.
ამასთან, დაზღვეული ზარალის მოცულობა, ფაქტობრივად, უცვლელი დარჩა და
120 მლრდ დოლარი შეადგინა.
გასულ წლის ეკონომიკური ზარალი წინა ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელს
გაუთანაბრდა, ხოლო დაზღვეული ზარალი მნიშვნელოვნად აღემატებოდა
საშუალო მაჩვენებელს, რომელიც 2017-2021 წლებში 97 მლრდ დოლარს
შეადგენდა.
გასული წლის ყველაზე დამანგრეველი მოვლენა იყო ქარიშხალი „იანი“,
რომელიც ფლორიდის სანაპიროს სექტემბერში დაატყდა თავს. მას 250 კმ/სთ
სიჩქარის ქარის ნაკადი მოჰყვა. სტიქიის მიერ მიყენებულმა ეკონომიკურმა
ზარალმა 100 მლრდ დოლარს, ხოლო დაზღვეულმა ზარალმა 60 მლრდ დოლარს
მიაღწია. ინფლაციის გათვალისწინებით და ზარალის ოდენობის მიხედვით,
ქარიშხალი „იანი,“ 2005 წლის ქარიშხალ „კატრინის“ შემდეგ, ისტორიაში
მეორე ადგილზეა.
2022 წლის სტიქიური უბედურებებიდან მეორე ადგილზე პაკისტანის
წყალდიდობაა, რომელიც რეკორდულმა მუსონურმა ნალექმა გამოიწვია.
წყალდიდობას, დაახლოებით, 1,7 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო უშუალო
ზარალმა, მინიმუმ, 15 მლრდ დოლარი შეადგინა, რომლის, თითქმის, მთელი
ოდენობა დაუზღვეველი იყო.
„საგანგაშოა ის ფაქტი, რომ სტიქიური უბედურებები განსაკუთრებით მძიმედ
აზარალებს უღარიბეს ქვეყნებში მცხოვრებ მოსახლეობას, ამიტომ
პრევენციულ ზომებსა და, მაგალითად, დაზღვევის სახით ფინანსურ დაცვას
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს,” - აცხადებს Munich Re-ის
დირექტორთა საბჭოს წევრი, თომას ბლიუნკი.
Munich Re-ის კლიმატის მთავარი ოფიცერი, ერნსტ რაუხი ამბობს, რომ
„2022 წლის მონაცემების გაანალიზებისას, გასათვალისწინებელია ორი
ძირითადი ფაქტორი. კერძოდ, მესამე წელია, რაც წყნარი ოკეანის
ტროპიკული ნაწილის უჩვეულოდ ცივი ტემპერატურები, ანუ ლა-ნინიას (ესპ.
La Niña) კლიმატური ფენომენი შეინიშნება. ეს ჩრდილოეთ ამერიკაში
ქარიშხლების, ავსტრალიაში კი წყალდიდობის ალბათობას ზრდის, ასევე,
ჩინეთში გვალვასა და სიცხის ტალღებს აძლიერებს, ხოლო სამხრეთ აზიის
გარკვეულ რეგიონებში ძლიერი მუსონების გამომწვევია. მეორე ფაქტორი ის
არის, რომ კლიმატის ცვლილების გამო ექსტრემალური ამინდის პირობები
გახშირდა.” რაუხის შეფასებით, „ზოგჯერ ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს
ემთხვევა.”
Munich Re-სთან შედარებით, 5 მლრდ დოლარით მეტ მონაცემს ასახელებს
სადაზღვევო კომპანია, Swiss RE Institute, რომლის ყოველწლიური
ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის სტიქიური უბედრებების შედეგად
გლობალურმა ეკონომიკამ 275 მლრდ დოლარით იზარალა, საიდანაც 45%, ანუ
125 მლრდ დოლარი დაზღვევით დაიფარა. ანგარიშში ნათქვამია, რომ
სტიქიური უბედურებებით გამოწვეული ყოველწლიური გლობალური სადაზღვევო
ზარალი სტანდარტულად 100 მლრდ დოლარზე მეტად არის შეფასებული.
Swiss RE Institute-ის მიხედვით, 2022 წელს ეკონომიკის მთავარი
მადესტაბილიზებელი ფაქტორი მაღალი ინფლაცია იყო, რამაც დაზღვეული
შენობების, ავტოტრანსპორტისა და სხვა ძირითადი საშუალებების
ნომინალური ღირებულების გაძვირებით სარემონტო ხარჯების დაფარვის
მოთხოვნაც გაზარდა.
Swiss RE Institute 2022 წლის ყველაზე ძვირად ღირებულ მოვლენას,
ასევე, ქარიშხალ „იანს“ ასახელებს, რამაც, კომპანიის მონაცემებით,
50-65 მლრდ დოლარის სადაზღვევო ზარალი გამოიწვია. კომპანია
განმარტავს, რომ 2022 წელს, ზედიზედ მეორედ, დაზღვეულმა ზარალმა 100
მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. ამდენად, შენარჩუნებულია მისი საშუალო
წლიური ზრდის ტენდენცია 5-7%-ით, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში
ფიქსირდება.