საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სტიქიის
ზონიდან მიუთითებს მედიას რა ინფორმაცია გაავრცელოს და რა არა. შალვა
პაპუაშვილმა, რომელიც 5 აგვისტოს ჩავიდა შოვში, დამეწყრილ ადვილას
ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, არ მოიწონა მთის ამბების
გაშუქებაზე ორიენტირებული გამოცემის, "მთის ამბების" მიერ ამავე დღეს
გავრცელებული ფოტო, სადაც ჩანს, როგორ ლაპარაკობენ ხელისუფლების
წარმომადგენლები ერთმანეთთან.
გამოცემა წერდა რომ ამ ფოტოზე მოშორებით მდგომი კაცი არის ერთ-ერთი
დაკარგულის მამა, რომელიც მესამე დღეა ელის მისი შვილის ამბის
გაგებას. შალვა პაპუაშვილმა ამ ფოტოს კომენტარებში მედიას მოუწოდა,
წაეშალა ეს "სტატუსი" და ამავე კომენტარში დაადანაშაულა ის
ინფორმაციის დეფორმირებულად გავრცელებაში მეტი მომხმარებლის მოზიდვის
სურვილით.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "მთის ამბები" რაჭის ტრაგედიის
გაშუქებისას ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის სამიზნე გახდა. 4
აგვისტოს გამოცემის რედაქტორს, გელა მთივლიშვილს შოვის მისადგომებთან
ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჩინოვნიკმა უთხრა, რომ "წყალში გადააგდებდა",
თუკი წესიერად არ მოიქცეოდა.
მთის ამბები იყო პირველი მედიასაშუალება, რომელმაც 3 აგვისტოს
გაავრცელა ინფორმაცია რაჭაში სტიქიის შესახებ.
შოვში მედია ამ დროისთვის შეზღუდვებით მუშაობს - სტიქიის ზონაში
ჟურნალისტებისთვის გადაადგილების არეალი შეზღუდულია.