ჭუბერის სტიქიისას მინისტრი ამბობდა, რომ "2-3 წელში" ადრეული გაფრთხილების სისტემა გვექნებოდა
5 წლის წინ, ჭუბერის ხეობაში მომხდარი სტიქიის დროს, მაშინდელი გარემოს დაცვის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობდა, რომ "2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა" გვექნებოდა. ეკონომიკის მოქმედმა მინისტრმა ეს განცხადება 2018 წლის ივლისში, სტიქიის ზონაში გააკეთა.

"2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება. მნიშვნლოვანია, რომ ისეთ მდინარეებზე, როგორიც არის ნენსკრა, ჩვენ გვქონდეს ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა, რაზეც უკვე აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური. აღნიშნული სისტემებით მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც პრევენციის ღონისძიებებისთვის აუცილებელია“, – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობდა მაშინ ლევან დავითაშვილი.

ტაბულა დაუკავშირდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს კითხვით - რა ეტაპზეა "ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა", რაზეც მინისტრის თქმით, "შესაბამისი სამსახური" ჯერ კიდევ 5 წლის წინ მუშაობდა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

2018 წლის 5 ივლისს სვანეთში, ჭუბერში, ნენსკრაჰესთან მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარის ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ წაიღო რამდენიმე ხიდი და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. მაშინ ჭუბერის ხეობა გარესამყაროს მოწყდა. 

წყარო: tabula.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები