საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, ყოფილ გენერალურ პროკურორს
ოთარ-ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური
ტრანზაქციების შესრულება შეზღუდული აქვს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნულ ბანკში განუცხადეს, სანქცირებულ პირს
ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური
ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.
„როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვალიდან,
საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით საქართველოს ფინანსური
ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი
ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური
სანქციების შესაბამისად. სანქციათა მოთხოვნების შესრულების და
შესაბამისი კონტროლის მექანიზმების დანერგვისას ერთიანი მიდგომების
განსაზღვრის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023
წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს ეროვნული
ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების
მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი“.
ზემოაღნიშნული მითითებისა და წესის შესაბამისად, საქართველოს ფინანსურ
სექტორს დაევალა მათ შორის, გაითვალისწინოს აშშ-ს ხაზინის უცხოური
აქტივების კონტროლის ოფისის მიერ (OFAC) სანქციადაკისრებულ პირთა
სიაში (SDN list) შეყვანილი პირების მიმართ დადგენილი მოთხოვნების
აღსრულება, რაც გულისხმობს სანქცირებული პირების მიერ აქტივებზე
წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვას.
სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა
სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.
შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა
რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. ფინანსურ
სანქციებთან შესაბამისობის მიზნით, ეროვნულ ბანკში შექმნილია
სპეციალური განყოფილება, რომელიც ზედამხედველობას / მონიტორინგს უწევს
აღნიშნულ პროცესს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები
დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის ნაბიჯებს ამ
მიმართულებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს აშშ-მ ახალი სასანქციო პაკეტის
ფარგლებში “ქართველი-რუსი ოლიგარქი” ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ რუსეთიდან,
თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან და საქართველოდან
150-ზე მეტ ბიზნესსა და ინდივიდს ასანქცირებს, რათა კრემლის
ტექნოლოგიებზე, ფულსა და ფინანსურ არხებზე წვდომა აღკვეთოს უკრაინის
წინააღმდეგ ომის საწარმოებლად.
მათივე ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”)
აღნიშნულ ოლიგარქთან მუშაობდა, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ
საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2013 წლის 7 ნოემბერს
დაინიშნა, ამავე წლის 30 დეკემბერს გადადგა.