ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა უწყდება, იუსტიციამ პრეზიდენტს დასკვნა გადაუგზავნა
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, უწყებაში შემავალმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.

უწყება აცხადებს, რომ დასკვნა ხელმოსაწერად გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან.

“საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტრო კვლავ არ აკონკრეტებს, როდის მიიღო ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა და რატომ არ შეუწყვიტეს მას მაშინვე ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობა, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ფარცხალაძემ
რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო, მოქალაქეობის მიღების შემდეგ კი 2 წლის განმავლობაში რუსეთში მნიშვნელოვანი ოდენობისა და ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება შეიძინა.

საქართველოს პრეზიდენტმა ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე მზადყოფნა გუშინვე გამოხატა. მეტიც, მან საჯაროდ მოუწოდა იუსტიციის სამინისტროს, სწრაფად გადაეგზავნათ დასკვნა მოქალაქეობის შესაწყვეტად.

გუშინ ეროვნულმა ბანკმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციათა აღსრულების წესი შეცვლა. მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა და ბანკებს აუკრძალა სანქციების აღსრულება საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა მიმართაც ადგილობრივი სასამართლოების ძალაში შესული განაჩენი არ არის დამდგარი.

რამდენიმე ბანკმა დღეს განაცხადა, რომ ისინი დარჩებიან საერთაშორისო სანქციებთან თანხვედრაში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ კი თქვა, რომ ბანკებს არ აქვთ უფლება, არ დაემორჩილონ რეგულატორის მიერ დაწესებულ წესებს.

რას ცვლის ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა?
ბანკები შეძლებენ მის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების თავისუფლად აღსრულებას. თუმცა წესი ძალაში რჩება და თუ საერთაშორისო სანქციები მომავალში საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც შეეხებათ, ეროვნულ ბანკს ექნება ბერკეტი, რომ ბანკებს მოსთხოვოს, არ აღასრულონ მათ მიმართ შეზღუდვები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1