ეროვნულმა ბანკმა 37 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარი კვლავ გაუფასურდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 21 სექტემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 50 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა, საიდანაც 37 150 000 აშშ დოლარი გაიყიდა. ეროვნული ბანკის განცხადებით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6884 ლარი შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გუშინაც გაყიდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ დღეში ეროვნულმა ბანკმა 57 მილიონ აშშ დოლარზე მეტი
გაყიდა, ლარი მაინც გაუფასურდა და რომ არა აღნიშნული ინტერვენცია, ეროვნული ვალუტა, სავარაუდოდ, უფრო მეტადაც გაუფასურდებოდა.

21 სექტემბრის ორიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც ხვალ, 22 სექტემბერს იქნება ძალაში, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6879 ლარი შეადგინა, რაც წინა დღის კურსზე 0.0129 ლარით მეტია. გუშინდელი ოფიციალური გაცვლითი კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6750 ლარს შეადგენდა, რაც წინა დღის კურსზე 3 თეთრით მეტი იყო.

გუშინდელი თითქმის 4- თეთრიანი გაუფასურების შემდეგ, ლარი დღეს უმნიშვნელოდ გაუფასურდა ევროსთანაც, ოფიციალური კურსით 1 ევროს ღირებულებამ 2.8637 ლარი შეადგინა, რაც წინა დღის კურსზე 0.0006 ლარით მეტია.

მმართველი პარტია ლარის გაუფასურებას ოპოზიციას აბრალებს. მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ ოპოზიციის „მცდელობის მიუხედავად“, ქართული ფინანსური სისტემა არ ჩამოიშალა და „გუშინ პატარა ტურბულენტობა იყო”, რის გამოც ეროვნულ ბანკს 20 მილიონის გაყიდვა დასჭირდა.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციათა აღსრულების წესის შეცვლა. მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა და ბანკებს აუკრძალა სანქციების აღსრულება საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა მიმართაც ადგილობრივი სასამართლოების ძალაში შესული განაჩენი არ არის დამდგარი.

რამდენიმე ბანკმა გუშინვე განაცხადა, რომ ისინი დარჩებიან საერთაშორისო სანქციებთან თანხვედრაში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ კი თქვა, რომ ბანკებს არ აქვთ უფლება არ დაემორჩილონ რეგულატორის მიერ დაწესებულ წესებს.

20 სექტემბერსვე ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის საბჭო სამმა წევრმა დატოვა. პოსტიდან წავიდა ბანკის მრჩეველიც.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123