საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, „კანონიერი
ქურდობისთვის“,
„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის
მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის
მიმართვის ფაქტებზე, 15 პირს ბრალდება წარუდგინეს.
როგორც პროკურატურა აცხადებს, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროში, 2 სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპლექსური
გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული
სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად,
საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდების“ – ლ.მ.-ს და რ.ხ.-ს
დავალებით,
საქართველოში სისტემატიურად აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს“,
იხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს და
უზრუნველყოფდნენ „ქურდული საერთოსთვის“ თანხების შეგროვებას. ასევე,
ორმა პირმა დავის მის სასარგებლოდ გადასაწყვეტად „ქურდული სამყაროს“
წარმომადგენლებს მიმართა.
პროკურატურამ 2 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“) დაუსწრებლად
წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს; 5 პირს — 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით
(„ქურდული სამყაროს“ წევრობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10
წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 6 პირს — 223 ტერცია
მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა),
რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს — 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით
(„კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა), რაც
სასჯელად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო
სასამართლომ ყველა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა
შეუფარდა. მათგან 13 პირი დაკავებულია, „კანონიერ ქურდობაში“
ბრალდებული 2 პირი კი საზღვარგარეთაა და შესაბამისად, დაკავებული
არაა.
სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.