„სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად“ — სააკაშვილი
პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშილმა თავის პირველ ცოლზე, სანდრა ელისაბედ რულოვსზე ციხიდან ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ განიცდის მისთვის გულის ტკენას.

„სანდრა არის ყველზე კეთილშობილი და გონიერი ადამიანი, რომელთანაც შეხვედრის უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად. ძალიან ბევრ რამეს, რასაც მივაღწიე მას უნდა ვუმადლოდე.

ჩვენ გავზარდეთ ორი ერთმანეთზე უკეთესი, საქართველოს პატრიოტი შვილი. სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ
სიყვარულად, ვინაიდან ეს იყო ძალიან დიდი სიყვარულის ისტორია და ჩემი პიროვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილად.

ძალიან განვიცდი ყველა იმ მომენტს, როცა მას გული ვატკინე. მომავალში ყველაფერს გავაკეთებ, რათა მას, ედუარდს და ნიკოლოზს გვერდით დავუდგე“,
— წერს მიხეილ სააკაშვილი.

შედგა ჩვენი ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი – რულოვსმა სააკაშვილი მოინახულა
რამდენიმე დღის წინ სანდრა რულოვსმა საჯაროდ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ სააკაშვილი ციხეში მოინახულა.

„ჩვენ ერთად აღარ ვართ“ — დაწერა საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ.

სანდრა რულოვსი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირველი ცოლი და საქართველოს პირველი ლედი იყო. მათ ორი შვილი ჰყავთ.

მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არაერთი ბრალდება წაუყენა და დაუსწრებლად პატიმრობაც მიუსაჯა, საქართველოში 2021 წლის 1 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, არალეგალურად ჩამოვიდა და მალევე დააპატიმრეს.

მისი დაპატიმრებისთანავე უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ გაავრცელა დაპატიმრებამდე, უკრაინაში ჩაწერილი ერთობლივი ვიდეომიმართვა, სადაც ის და მიხეილ სააკაშვილი ოჯახის შექმნასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობდნენ.

2021 წლის 31 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ მას მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან შვილი ჰყავს.

2023 წლის ივნისში კი ლიზა იასკომ საჯაროდ დაწერა, რომ შვილი გააჩინა. მართალია, მას ბავშვის მამის სახელი არ უხსენებია, თუმცა მინიშნება გააკეთა ქართულ ციხეში მყოფ მიხეილ სააკაშვილზე. თავად მიხეილ სააკაშვილმა ლიზა იასკოსთან საერთო შვილის ყოლა 2023 წლის ივლისში დაადასტურა.

„უკრაინა ჩემი ცხოვრებისა და ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამ ბოლო დროს უკრაინა ჩემი პატარა ქალიშვილი ჟასმინია, რომლის ნახვისა და ხელში აყვანის საშუალება ჯერ არ მქონია“,
– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები