მთავრობა ფქვილზე იმპორტის საფასურს ზრდის, ქატოსა და ქერზე კი ახალს აწესებს
მთავრობამ ფქვილზე საიმპორტო საფასური გაზარდა, ქატოსა და ქერზე კი, ახალი საფასური დააწესა, 100 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

„მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ძალიან არასტანდარტული ვითარებაა შექმნილი ხორბლის ფასის ფორმირების და ლოჯისტიკის კუთხით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, 250 ლარამდე გავზარდოთ ფქვილის იმპორტის საფასური. გარდა ამისა, სამწუხაროდ, წლევანდელმა წელმა სტიქიის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შედარებით მეტია საფურაჟე ხორბალი. შესაბამისად, ამ კუთხითაც საჭიროა გარკვეული მექანიზმების შემუშავება და დღევანდელი გადაწყვეტილებით, ქერზე ასევე დაწესდება 100 ლარი დამატებითი იმპორტის საფასური და ასევე ქატოზე, რომელიც ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტია. ქატოს შემთხვევაშიც 100 ლარით განისაზღვრება. რომელიც ვფიქრობთ, ძალიან დაეხმარება ადგილობრივი ხორბლის მწარმოებლებს, ხორბლის რეალიზაციაში, იმ ფასად, რომ მათ მოახერხონ საქმიანობის გაგრძელება და ქვეყნის ეკონომიკაში იმ წვლილის შეტანა, რაც აქამდეც მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძემ.

მისივე თქმით, რეგულაცია 2024 წლის 1-ელ მარტამდე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, 12 ივნისს საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებით საიმპორტო საფასური დაწესდა, რომელიც ძალაში 5 თვეს უნდა ყოფილიყო. აღნიშნული გადაწყვეტილებით ერთ ტონა ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 200 ლარით განისაზღვრა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები