პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს
მთავარი პარტნიორის,
აშშ-ის დაფინანსება იხარჯება ქვეყანაში არეულობის მოწყობის
ინსპირაციაში. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ USAID სკანდალში
გაეხვა.
დღეს, 2 ოქტომბერს, სუსში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ
USAID-ის დაფინანსებულ ტრენინგზე დიდი ჯგუფი გადაამზადეს, "რომლებმაც
გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით
დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში".
"მნიშვნელოვანია ის, რომ ის ჩრდილი, რაც მიადგა ამერიკის
დახმარებას საქართველოს მიმართ... გააკეთონ განმარტება, რატომ მიდის
ამერიკელი ხალხის და გადასახადების გადამხდელების ფული სხვა ქვეყანაში
არეულობის ინსპირაციის ან ჯგუფების მომზადებისთვის, რომლებმაც
არეულობები უნდა დაგეგმონ და ძალადობის პროვოცირება უნდა
მოახდინონ", - უთხრა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს
პარლამენტში.
მან "შავი დღე" უწოდა ამ ინფორმაციის გაჟღერებას. რამდენიმე თვის წინ,
მარტში, სწორედ ეს სიტყვები გამოიყენა აშშ-ის საელჩომ საქართველოში,
როცა პარლამენტში ე.წ. აგენტების კანონის (პირველი მოსმენით) მიღების
შესახებ სინანულს გამოხატავდა.
"ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის
დახმარების ისტორიაში, როდესაც ვხედავთ, რომ, როგორც ჩანს, ამერიკელი
ხალხის ფული აქ გამოყენებულია იმისთვის, რომ მოხდეს რევოლუციური
პროცესების დაგეგმვა, მოხდეს ადამიანების მიზანმიმართული მომზადება
არეულობისთვის და ძალადობის პროვოცირებისთვის. სამწუხაროა, რომ ამაში
ჩართულია ამერიკელი ხალხის ფული. ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისი
განმარტებები გაკეთდეს USAID-ის მხრიდან, რომელიც უკვე მერამდენედ
ეხვევა ასეთ სკანდალში", - თქვა პაპუაშვილმა.
მან გაიხსენა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს "სამართლიანი
არჩევნების" მიერ ჩატარებულ პარალელური დათვლის პროცესში დაშვებული
შეცდომა, რომელიც ამ ორგანიზაციამ მოგვიანებით თავადვე აღიარა. ამ
მიზეზით "სამართლიანი არჩევნები" დატოვა მისმა მაშინდელმა
დირექტორმაც.
"გავარკვიეთ, რომ ISFED-ის ხელმძღვანელის მხრიდან იყო
ნათქვამი, რომ მისმა დონორმა, USAID-მა იცოდა, რომ შედეგები, რომელიც
საჯაროდ ვრცელდებოდა, ყალბი იყო და ამას უმალავდა საზოგადოებას, არც
ეუბნებოდა ხელისუფლებას და ხალხს...
დღემდე არ გაუკეთებია ამაზე კომენტარი და განმარტება USAID-ის
წარმომადგენლობას, თუ რატომ უმალავდნენ ქართველ ხალხს, რომ პარალელური
დათვლის შედეგები ყალბი იყო. ხედავდნენ, რომ ეს ყალბი პარალელური
დათვლის შედეგები არეულობის საფუძველი იყო", - უთხრა ჟურნალისტებს
პარლამენტის თავმჯდომარემ.
USAID-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია იმის შესახებ,
მთავრობასთან და მოსახლეობასთან თანამშრომლობით რას აკეთებს
ორგანიზაცია 1992 წლიდან საქართველოში, რათა გააძლიეროს დემოკრატიული
ინსტიტუტები, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას და კანონის უზენაესობას.
ამ ინფორმაციის თანახმად, "ამ დროიდან ამერიკელმა ხალხმა USAID-ის
საშუალებით 1,9 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია
საქართველოს".
ბოლო რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მაღალი
თანამდებობის პირები პარტია "ქართული ოცნებიდან" ქვეყანაში მოსალოდნელ
არეულობაზე საუბრობენ. ამ საქმეზე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში
გამოჰკითხეს სერბეთის სამი მოქალაქე: სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი
და სლობოდან ჯინოვიჩი, რომელთაც ადანაშაულებდნენ აქტივისტების
დატრენინგებაში ხელისუფლების წინააღმდეგ აქტივობების დაგეგმვაში.
გამოკითხვიდან მეორე დღეს მათ ქვეყანა დატოვეს.
წყარო: amerikiskhma.com