მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოში საკუთარ
პროცესს ამ წუთებში დისტანციურად ერთვება.
მან ითხოვა სიტყვით გამოსვლა, სადაც მიმართა სალომე
ზურაბიშვილსაც.
ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ზურაბიშვილს შეუძლია მისი შეწყალება.
„ქალბატონ სალომეს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს
ჩემს შვილებს მამა და აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი
საქართველოში…გამბედაობა არ გაკლიათ და შეგიძლიათ აქტური ქმედებების
განხორციელებაც, თუ მოინდომებთ… გაქვთ ძალიან დიდი საერთაშორისო
მხარდაჭერაც”, – თქვა სააკაშვილმა პროცესზე.
ზურაბიშვილს სააკაშვილის პატიმრობასა და შეწყალების საკითხზე კითხვებს
ხშირად უსვამენ სხვადასხვა უცხოური მედიასაშუალებები. რამდენიმე დღის
წინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტის შეწყალებასთან
დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ფრანგულ გამოცემა le monde-სთან
ინტერვიუში უპასუხა.
„შემიძლია დაგამშვიდოთ, ის[სააკაშვილი] ამბობს, რომ
უკეთაა, მან გახსნა არჩევნებისთვის პოლიტიკური ოფისი. ის კლინიკაშია
მოთავსებული. მას ორი სასამართლო პროცესი აქვს წინ. უცხოეთში წასვლის
ნაცვლად, ის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღების განზრახვას
ავლენს. მეტი კომენტარი არ მაქვს”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ნათქვამი
აქვს – „არა და არასოდეს“. ზურაბიშვილს ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით
ასევე ნათქვამი აქვს, რომ მისმა შეწყალებამ შესაძლოა „პოლარიზაცია
გააღრმავოს”.
ზურაბიშვილს ექსპრეზიდენტზე საუბრისას ასევე უხსენებია ელექტრონული
სამაჯურებიც. „არსებობს ელექტრონული სამაჯურებიც, რომელთა შესახებაც
ვიცით და სხვა ფორმები, რომლებიც უფრო შეესაბამება იმ ქვეყანას,
რომელიც ევროკავშირს შეუერთდება”, – თქვა მან.