დღეიდან საქართველოში შაქარზე საიმპორტო გადასახადი ამოქმედდა.
მთავრობის დადგენილებით,
100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას თავისუფალ მიმოქცევაში
გაშვების პროცედურაში გაფორმება 1 კილოგრამზე 40 თეთრით განისაზღვრა.
ანუ, ყოველი ერთი ტონა შაქრის იმპორტის გადასახადი 400 ლარი
იქნება.
გამონაკლისია შაქარზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატ
EUR.1-ის ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე საგადასახადო
შეღავათის გამოყენების შემთხვევები.
ამასთან, დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ შაქრის თავისუფალ
მიმოქცევაში
გაშვების პროცედურაში გაფორმებაზეც, რომლის საზღვაო გზით
ტრანსპორტირება დაიწყო ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე.
ცნობისთვის, მთავრობის აღნიშნული დადგენილება 2024 წლის 1-ელ
ივლისამდე იმოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ შაქრის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. მიმდინარე
წლის 10 თვეში საქართველოში 83 803 130 აშშ დოლარის ღირებულების
შაქრის იმპორტი განხორციელდა, რაც ბოლო 15 წლის რეკორდული
მაჩვენებელია. (საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე შაქრის იმპორტზე
მონაცემები ხელმისაწვდომი 2009 წლიდან არის).
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, ტოპ-5 ქვეყანას შორის, საიდანაც
შაქრის იმპორტი განხორციელდა, მიმდინარე წელს ლიდერობს ბრაზილია - 34
472 790 აშშ დოლარის იმპორტით, მას მოსდევს რუსეთი - 13 251 030 აშშ
დოლარით, მე-3 ადგილზეა მაროკო - 10 403 400 აშშ დოლარის
იმპორტით.