ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის
ფარგლებში მშობიარობა და საკეისრო კვეთა სრულად დაფინანსდება.
უწყების ცნობით, დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანის,
გაუტკივარების საფასურს, მედიკამენტების, კვების, პალატის და სხვა
ხარჯებს.
სახელმწიფო არ დააფინანსებს იმ შემთხვევებს, თუ პაციენტი საკეისრო
კვეთის გაკეთებას სამედიცინო ჩვენების გარეშე მოინდომებს. ასევე, არ
დაფინანსდება ე.წ. VIP პალატის მომსახურება.
ცვლილება DRG (DIAGNOSIS RELATED GROUP) დაფინანსების მოდელის
ამოქმედების შედეგია. DRG მოდელი გულისხმობს დიაგნოზთან შეჭიდულ
მომსახურების დაფინანსებას, რომლის საშუალებითაც „ავტომატურად
გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო მოქალაქეების
ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის“.
უფრო კონკრეტულად, სტაციონარული შემთხვევები, დიაგნოზის შესაბამისად,
დაჯგუფდება გარკვეულ კატეგორიებად და თოთოეული კატეგორიისთვის
გამოითვლება “სამართლიანი ფასი”. სამინისტროს ცნობით, ამ მოდელით,
სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს დამატებითი ხარჯების
გაწევა აღარ მოუწევს და მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო
ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.
“DRG მოდელით მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა სამედიცინო
დაწესებულებაში 1 222 ლარით განსაზღვრა”, – აცხადებენ
უწყებაში.
აღსანიშნავია, რომ DRG მოდელით მშობიარობისა და საკეისრო კვეთის
ხარჯები გათანაბრდა – აქამდე საკეისრო კვეთის გაკეთება უფრო ძვირი
ღირდა. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ამის მიზეზი საკეისრო
კვეთის მაღალი მაჩვენებელია. უწყებაში ფიქრობენ, რომ ფასის
გათანაბრებით შემცირდება სამედიცინო პერსონალის მოტივაცია, გააკეთონ
საკეისრო.