პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში ცვლილებები I მოსმენით მიიღო
სამხედრო სავალდებულო სამსახურთან და მის გადავადებასთან დაკავშირებით „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და დღეს პირველი მოსმენით – 81 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო.

კანონპროექტით თავდაცვის კოდექსს ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილება, მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში – აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

„ცვლილების თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ პირს, რომელსაც კოდექსის საფუძველზე წარმოეშვა სამსახურიდან ვადამდე გათავისუფლების საფუძველი, საკუთარი სურვილით შეეძლება გააგრძელოს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. ასეთ შემთხვევაში პირს, მინისტრის სამართლებრივი აქტის შესაბამისად, შესაძლებელია დაუწესდეს დამატებითი მატერიალური უზრუნველყოფის ან/და სოციალური გარანტიები.

კანონპროექტი ითვალისწინებს უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტუდენტის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საკითხის დარეგულირებას. ამ შემთხვევაში, გადავადების უფლებით ისარგებლებენ მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ისეთ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სრულად დისტანციური სწავლების ფორმით არ ხორციელდება.

რაც შეეხება პირს, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაზე სრულად დისტანციური სწავლობს, ის ვერ ისარგებლებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით. კანონი მისთვის დაადგენს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის „მისაღები ფორმით“ გავლის შესაძლებლობას.

პირი, რომელიც დისტანციური სწავლების გამო სამხედრო სამსახურში გადავადების უფლებით ვერ ისარგებლებს, გაწვევის შემთხვევაში, თავისი შეხედულებისამებრ, უფლებამოსილია აირჩიოს რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამითა და სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამით განსაზღვრული სამხედრო მომზადების პროგრამები.

დისტანციურ სწავლებაზე მყოფი სტუდენტებისთვის ასევე გათვალისწინებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სახეებიდან ერთ-ერთი: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 8 თვე; უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახურისთვის − 11 თვე.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები