ვის ეკუთვნის კომპანიები, რომელსაც ელექტრომობილები ყველაზე დიდი რაოდენობით შემოჰყავს
ელექტრომობილები საქართველოში სულ უფრო პოპულარული რომ ხდება, ამას სტატისტიკაც მოწმობს. საქსტატის მონაცემებით, წელს ელექტროძრავიანი ავტომობილების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, 2023 წლის 10 თვეში 1 586 ერთეული (43,575 მლნ აშშ დოლარი) ელექტროძრავიანი ავტომობილი შემოვიდა, ეს მაშინ, როდესაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში (როცა ელექტრომობილები საქართველოში პირველად გამოჩნდა) 581 ერთეულს (3,944 მლნ აშშ დოლარი) შეადგენდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელ კომპანიებს შემოჰყავთ საქართველოში ყველაზე მეტი ელექტრომობილი.

საქსტატის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ტოპ-5 კომპანიის ჩამონათვალი ასეთია: „ავტო გალერი”, „დმვ“, „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს“, „კავკასიის ავტოიმპორტი“, „ლაიონ გრუპ“ (იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით).

სამეწარმეო რეესტრზე დაყრდნობით, გთავაზობთ ინფორმაციას აღნიშნული კომპანიების შესახებ:
შპს ავტო გალერი - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით აღნიშნულ კომპანიას შპს თეგეტა მოტორსი ფლობს, თავის მხრივ, ამ უკანასკნელის 98.78%-იან წილს ფლობს შპს თი ჯი ემ ჯგუფი, ხოლო 1.22%-ს თემურ კოხოძე. შპს თი ჯი ემ ჯგუფის 92.1%-ს ფლობს თემურ კოხოძე, 3.95%-ს მარინე მუმლაძე, ხოლო 3.95%-ს გიორგი მშვილდაძე. ამასთან, „ავტო გალერის“ დირექტორის პოსტს ნოდარ ჭირაქაძე იკავებს.

შპს დმვ - რეესტრის მიხედვით, კომპანიის მფლობელია ბულგარეთის მოქალაქე ალეკსანდრ სტოიანოვი, დირექტორია უკრაინის მოქალაქე ვიაჩესლავ შპიკოვსკი.

შპს თეგეტა პრემიუმ ვიიქელს - აღნიშნულ კომპანიასაც თეგეთა მოტორსი ფლობს, დირექტორია პეტრე წაქაძე.

შპს კავკასიის ავტოიმპორტი - კომპანიის 34.875%-ს ფლობს საქართველო-აშშ-ს ორმაგი მოქალაქე გიორგი სურგულაძე, 27.9%-ს ლევან სურგულაძე (რომელსაც გიორგი სურგულაძე განაგებს), 27.225%-ს გიორგი გულაშვილი, ხოლო 10%-ს დავით გულაშვილი. აღმასრულებელი დირექტორია ალექსანდრე ჩადუნელი, დირექტორი ალექსანდრე ვეკუა.

შპს ლაიონ გრუპ - რეესტრის მიხედვით კომპანიის მესაკუთრეა ანა ლომია, დირექტორი ლევან სუხიტაშვილი.
წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები