რუსული კანონის მიღების შემდეგ სპეცრაზმმა საპროტესტო აქციის
მონაწილეების დაკავებები დაიწყო.
პარლამენტის მიმართულებით თავისუფლების მოედნიდან დაიძრა სპეცრაზმი და
ჭავლის მანქანები. ისმის აქციის დაშლის გაფრთხილება.
დაკავებულები პარლამენტის შიდა სივრცეში შეიყვანეს. თვითმხილველების
თქმით, დაკავებულებს შორისაა ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული ლაზარე
გრიგორიადისი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საკანონმდებლო
ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და
მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი
ხასიათი.
შსს-ს ცნობით, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის
მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული დამცავი ჯებირი.
„საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან
საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური
საშუალებები გამოიყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ
მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ
მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ
შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით დადგენილ
სპეციალურ საშუალებებს“, — ნათქვამია შინაგან საქმეთა
სამინისტროს განცხადებაში.
„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის
მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან
გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ
კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა
ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა
"აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით
შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის
შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია
ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას
საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ
ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე
და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე,
როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და
საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის
პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.