თეთრი სახლი: კანონის საბოლოოდ მიღება გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობები
თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პირმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უარყოფითად შეაფასა საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღება.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა აღნიშნა, თუ ეს კანონი ძალაში შევა, აშშ იძულებული იქნება, გადააფასოს ურთიერთობები საქართველოსთან.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ კრემლის სტილის, უცხოეთის აგენტების შესახებ კანონით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. მოველით, რომ პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს.

ჩვენ არ
ვიცით, პარლამენტი შეეცდება თუ არა პოტენციური ვეტოს დაძლევას, თუმცა ჩვენ ხმამაღლა განვაცხადეთ ჩვენს წუხილებზე ამ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და რომელიც საქართველოს აშორებს ევრო-ატლანტიკურ ღირებულებებს.

ქართველმა ხალხმა ამ კანონის შესახებ საკუთარი აზრი ქუჩაში გაპროტესტებით გამოხატა. გასული კვირის ბოლოს ჩვენ ვიხილეთ ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელიც ათეულათასობით მშვიდობიანმა ადამიანმა გამართა, ისინი ვერ შეაჩერა დაშინებამ. მათ უთხრეს ხელისუფლებას, რომ ეწინააღმდეგებიან ამ კანონპროექტს, რადგან მათ სურთ ევრო-ატლანტიკური მომავალი.

ჩვენ დაველოდებით, რას მოიმოქმედებს პარლამენტი და თუ ამ კანონს საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან,“
— განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები