კობახიძე აქციებში მონაწილე 10-მდე ახალგაზრდას საჯარო დისკუსიას სთავაზობს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალგაზრდებს რუსული კანონზე საჯაროს დისკუსიის გამართვას სთავაზობს.

ამის შესახებ კობახიძემ დღეს, 17 მაისს, განცხადება გაავრცელა.

როგორც კობახიძე ამბობს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს შეუძლიათ დისკუსიას „2-3 არაახალგაზრდაც“ დაასწრონ, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ.

„საქართველოს მომავალი ახალგაზრდებს ეკუთვნის. ჩვენს ქვეყანას ჰყავს სანიმუშო, გამორჩეულად ნათელი და პროგრესული ახალგაზრდობა და ამ ქვეყნის მართვისა და
განვითარების საქმე მომავალში სწორედ მათ უნდა გადაიბარონ. ეს ქვეყანა მომავალში ერთად უნდა მართონ ახალგაზრდებმა, რომლებიც დღეს იწონებენ ან აპროტესტებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს.

შესაბამისად, ყველა ჯანსაღ ახალგაზრდასთან შეხვედრა და მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა ჩემთვის განსაკუთრებული პატივია. მზად ვარ, მათგან არა მხოლოდ მოვისმინო, არამედ, სათანადო შემთხვევაში, აგრეთვე გავიზიარო შენიშვნები და ახალგაზრდებისგანაც ასეთივე დამოკიდებულებას მოველი. თუ ადამიანი დარწმუნდება, რომ არასწორად ფიქრობდა, აღიარება და პოზიციის შეცვლაც უნდა შეეძლოს, რაც ადამიანის არა სისუსტეზე, არამედ სწორედ ღირსებაზე მეტყველებს“,
– აცხადებს კობახიძე.

კობახიძის თქმით, რუსულ კანონთან დაკავშირებით „ემოციები ჩაცხრა“ და ამ ფონზე არსებობს უკეთესი შესაძლებლობა იმისა, რომ გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია კანონთან დაკავშირებით.

„შესაბამისად, ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეგიძლიათ დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ.

იმედი მაქვს, ჩვენ კონსტრუქციულობასა და ღიაობაზე ამჯერად მაინც მივიღებთ შესატყვის პასუხს და ელჩებისგან და რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებთ ჯანსაღ დისკუსიაში გამჭვირვალობის კანონის შესახებ“,
– აცხადებს კობახიძე.

აქამდე ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდულ მოძრაობებს ძალადობრივ ორგანიზაციებად მოიხსენიებდა.


საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით, 14 მაისს, მესამე მოსმენით დაამტკიცა რუსული კანონი.

კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

რუსული კანონის ხელახალმა ინიციირებამ გამოიწვია უწყვეტი მრავალათასიანი პროტესტი თბილისის ქუჩებში. „ქართული ოცნებას“ მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე მიუთითებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მზადყოფნა გამოთქვა, პრეზიდენტის ვეტოში ასახონ ვენეციის კომისიის დასკვნა. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ვეტოს დადებით არ შევიდოდა ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. რუსული კანონის ირგვლივ შექმნილი კრიზისიდან ვეტოს ფარგლებში შესაძლო გამოსავლის პოვნაზე მიანიშნეს როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ისე აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის თქმით, ყველაზე
საუკეთესო გამოსავალი კანონპროექტის საერთოდ გაუქმებაა, სხვა შემთხვევაში კი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრების შემდეგ „ყველა მხარის ლეგიტიმური წუხილების მოსაგვარებლად“ საუკეთესო გზის მოძებნაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის თქმით, „ვეტო იქნება იურიდიულად და ტექნიკურად გამართული“, ამავდროულად, „ვეტოში არ იქნება კანონის გაკეთილშობილების რამე შესაძლებლობა, მისი შეცვლა ან გაპატიოსნება“. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელთანაც, მსხილაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თანამშრომლობს, ვენეციის კომისიაა. ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონზე მომავალ კვირას უნდა გამოქვეყნდეს.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები