გულისტკივილით თვალს ვადევნებდით დაპირისპირებას, რომელიც „გამჭვირვალობის კანონს“ უკავშირდება - მეუფე შიო
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა „ოჯახის სიწმინდის დღესთან“ დაკავშირებით ქაშვეთის ეკლესიასთან შეკრებილი ხალხისთვის მიმართვისას „აგენტების კანონზე“ ისაუბრა. მისი თქმით, ამ კანონპროექტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის არიან ეკლესიის შვილები.

„ჩვენ დიდი გულისტკივილით თვალ-ყურს ვადევნებდით იმ დაპირისპირებას, დაძაბულობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომელიც უკავშირდებოდა და უკავშირდება ჩვენი პარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას. ამ კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან
ეკლესიის წევრები, არიან ჩვენი სულიერი შვილები, მათ შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდობა. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო და ხშირად ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში“,
- განაცხადა მეუფე შიომ.

მისი თქმით, დღეს მსოფლიოში ოჯახურ ღირებულებებს ებრძვიან. თუმცა მას არ უთქვამს ვინ და რატომ. მანვე აღნიშნა, რომ ოჯახის სიმტკიცე ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია:

„დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების და მათი წარმოჩენა, როგორც დიდი სიწმინდის. ადამიანი ღმერთმა დასაბამიდანვე შექმნა როგორც ოჯახი. ამდენად, ოჯახი არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც თავად ღვთისგან მოგვეცა. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ოჯახს სიწმინდეს“.

დღეს, 17 მაისს, საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესია „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს“ აღნიშნავს.

14 მაისს კი საქართველოს პარლამენტმა, ხალხმრავალი პროტესტის მიუხედავად, მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“. პოლიციამ ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე აქციებზე დაკავებულთაგან ცხრა პირის მიმართ აღძრა სისხლის სამართლის საქმეები.

წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები