კობახიძე: ზურაბიშვილმა ვეტოთი ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა „აგენტების კანონზე“ ვეტოს დადებით ამ საკითხზე დისკუსიის სივრცე გააქრო. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის „უხეშ ვეტოზე“ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

„სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ამ კანონს, რითაც ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის. ჩვენი შეთავაზება იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც ყველანაირი
სივრცე ჩაიკეტა, სამწუხაროდ, ჯანსაღი დისკუსიისთვის“,
- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „აგენტების კანონს“. მისი თქმით, ეს არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე ევროპულ სტანდარტს.

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოს პროცედურის გამოყენებით კანონპროექტს მხოლოდ ერთი წინადადება დაამატა: „ეს კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაში“.

„აგენტების კანონი“ პარლამენტს უბრუნდება განსახილველად. ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია, საპარლამენტო უმრავლესობას კი მეტი, 83 ხმა აქვს.

„აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკისა და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის ამ კანონზე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მარტს მესამე მოსმენით, 84 ხმით მიიღო "აგენტების კანონი".

პარლამენტში სამივე მოსმენით მიღებული „კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები