ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს, უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ფრენსის ფუკუიამა ამბობს, რომ მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" მოსკოვთან დაკავშირება ურჩევნია აშშ-ისთან მჭიდრო ურთიერთობებს. ე.წ. აგენტების კანონის მიღებასა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რა შეიძლება იყოს "ქართული ოცნების" მიზანი? და რატომ რისკავს „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროპულ მომავალს და შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ურთიერთობებს? - რაზეც ფუკუიამა პასუხობს:

"ქართულ
ოცნებას" სურს, უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან. არ მგონია, ისინი განსაკუთრებულად განაწყენდნენ ფაქტით, რომ ეს შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. არ ვფიქრობ, რომ მათ სურთ, [საქართველო] ევროკავშირის ნაწილი იყოს. ასე რომ, ისინი არ იქნებიან უკმაყოფილო იმით, რომ ეს [კანდიდატის] სტატუსს დააზარალებს. ასევე არ მგონია, რომ ახლა ისინი განსაკუთრებით დაინტერესებულნი არიან შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობით, რადგან მათ მოსკოვთან დაკავშირება ურჩევნიათ. აქამდე, ეს ერთგვარად ფარული მოტივი იყო. ისინი მოსკოვისკენ იხრებოდნენ და რუსებს ევროპული სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარებოდნენ. რუსებისთვის ევროპული სანქციების თავის არიდებაში დახმარებით, ისინი მოსკოვისკენ იხრებოდნენ. საქართველოს გავლით, რუსეთში ბევრი ევროპული საქონელი გადის. მაგრამ, ოფიციალური პოზიცია მაინც ის იყო, რომ მათ სურდათ, სქართველო ევროკავშირის და შესაძლოა ნატოს წევრიც კი ყოფილიყო. მაგრამ, ვფიქრობ, ისინი ყოველთვის ცრუობდნენ. მათ ნამდვილად არ სურთ ეს შედეგი. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ უკრაინასთან ომში, მომენტუმი თითქოს რუსეთისკენ იხრება. ამან „ქართული ოცნება“ გაათავისუფლა, რუსეთის მხარდაჭერაში უფრო ღია იყოს".


ფუკუიამა აღნიშნავს, რომ გასულ კვირას დემონსტრანტებზე თავდასხმა და ფიზიკური ძალადობა მეტყველებს იმაზე, "საით მიდის საქმე".

"ისინი არ დაელოდნენ კანონის საბოლოო მიღებას და დაშინების კამპანია დაიწყეს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კანონის მიზანი არ არის უცხოური დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირება, არამედ რუსეთის კანონის მსგავსად, ის გამოყენებული იქნება ოპოზიციის წევრების დასარბევად", - ამბობს ფუკუიამა.

იგი, ასევე მიიჩნევს, რომ ბერკეტების ყველაზე დიდი წყარო, საქართველოში გარკვეული პირების მიმართ, "მიზანმიმართული სანქციების" დაწესებაა.

"მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ისეთი ზოგადი სანქციების გამოყენება, როგორც [იმ] უვიზო რეჟიმის გაუქმებაა, რომელსაც ევროპა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს. ვფიქრობ, შესაძლებელია ზოგადი სანქციების იმგვარად მოდიფიცირება, რომ ვიზები მოითხოვონ პირებისგან, რომლებიც მხარს უჭერენ პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების [წინააღმდეგ მიმართულ] კანონს, ასევე ზოგიერთ საკვანძო თანამდებობის პირს, რომლებიც, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობაში, ოპოზიციურ ჯგუფებზე ზეწოლის, მათი ხმების ჩახშობის მცდელობის უკან დგანან".

2024 წლის 14 მაისს პარლამენტმა, მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში თვეზე მეტია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართება. მათში ათასობით ახალგაზრდა მონაწილეობს. სტუდენტების დიდი ნაწილი კი გაფიცულია.
წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები