POLITICO: აშშ საქართველოსთვის განიხილავს მსხვილ სამხედრო, სავაჭრო პაკეტს, ანტიდემოკრატიული გეზის შემობრუნების შემთხვევაში
გამოცემა POLITICO იუწყება, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა, საქართველოს გამოუყოს დახმარების მსხვილი პაკეტი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში, თუკი საქართველოს მთავრობა შეწყვეტს მზარდად ანტიდასავლურ რიტორიკას და უკუსვლას ადამიანის უფლებების კუთხით.

გამოცემა წერს, რომ თავად გაეცნო კანონპროექტს, რომელიც კონგრესს ამ კვირაში წარმოუდგინა სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა - და რომლის თანახმადაც აშშ საქართველოსთან დაიწყებს "მსხვილ შერჩევით სავაჭრო რეჟიმს", თუკი
მთავარი პოლიტიკური კრიტერიუმი დაკმაყოფილდება. კანონპროექტს ჰქვია MEGOBARI Act (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act)

ამერიკის ბაზრებთან გაუმჯობესებული წვდომის გარდა, კანონპროექტი გამოდის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოწოდებით საქართველოს მოქალაქეებისთვის.

კანონპროექტი ოფიციალურ პირებს ავალდებულებს საქართველოსთვის სამხედრო დახმარების პაკეტის შემუშავებასაც, მათ შორის "უსაფრთხოების და თავდაცვის შეიარაღების მიწოდებას, რომელიც იდეალურად მოერგება ტერიტორიულ თავდაცვას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ისევე, როგორც თანმხლები წვრთნების, მოვლა-პატრონობის და საოპერაციო მხარდაჭერის ელემენტების მიწოდებას".

თუმცა პროგრამა ამოქმედდება მხოლოდ მაშინ, თუკი აშშ დაადასტურებს, რომ "საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი დემოკრატიის ხელახალი აღორძინების მიმართულებით, რისი მინიმალური დასტური იქნება მნიშვნელოვნად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო".
POLITICO მანამდე იუწყებოდა, რომ უილსონის კანონპროექტი ითვალისწინებს ინდივიდუალურ სანქციებს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების პოლიტიკოსებისთვის და მთავრობის სხვა წარმომადგენლებისთვის - იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დანერგავენ რუსული სტილის "უცხოეთის აგენტების" კანონს.
წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები