ვენეციის კომისია რუსულ კანონს უარყოფითად აფასებს და „ოცნებას“ მისი გაწვევისკენ მოუწოდებს
ვენეციის კომისიამ დღეს, 21 მაისს გამოაქვეყნა სასწრაფო დასკვნა რუსულ კანონზე, რომლის მიზანიც საქართველოში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაა. ვენეციის კომისიის დასკვნა მკვეთრად უარყოფითია.

„ვენეციის კომისიის მყარი რეკომენდაციაა, კანონი არსებული ფორმით იქნას გაწვეული, რადგან მის ფუნდამენტურ ხარვეზებს ექნება ნეგატიური შედეგები გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებზე, საჯარო ასპარეზზე საქმიანობის უფლებაზე და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვაზე. საბოლოო ჯამში, ეს
კანონი გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

ვენეციის კომისია რჩება საქართველოს ხელისუფლებისა და საპარლამენტო ასამბლეის განკარგულებაში ამ კუთხით შემდგომი დახმარებისთვის,“
— აღნიშნულია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ გასულ წლებში მას შეფასებული აქვს „უცხოეთის აგენტებთან“ დაკავშირებით რუსეთში, უნგრეთსა და ყირგიზეთში მიღებული კანონები და ხაზს უსვამს მათ არაერთ მსგავსებას საქართველოში მიღებულ კანონთან.

ვენეციის კომისია ასევე წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა მათ დასკვნას, ისე უყარა კენჭი სამი მოსმენით, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებებისა.

ვენეციის კომისია ასევე წუხს, რომ კანონი, რომელმაც საზოგადოებაში მსგავსი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ადამიანის უფლებებზე, „მიიღეს ისეთი პროცედურებით, რომელმაც არ დატოვა სივრცე ჭეშმარიტი დისკუსიისა და არსებითი კონსულტაციებისთვის, რაც იყო ღია უგულებელყოფა ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის წუხილებისა.“

ვენეციის კომისიის განცხადებით, მათ გაანალიზეს აღნიშნული კანონის შესაბამისობა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან, რაც ეფუძნება მსგავს საკითხებზე ადრე მომზადებულ მოსაზრებებს.

„ვენეციის კომისია ასკვნის, რომ შეზღუდვები, რასაც ვენეციის კომისია აწესებს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებაზე, პირადი ცხოვრების უფლებაზე, არ შეესაბამება იმ მკაცრ ტესტს, რომელსაც ადგენს ადამიანის „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ 8(2), 10(2), და 11(2) მუხლები, ასევე „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის“ 22(2) მუხლი. კანონი ასევე არ აკმაყოფილებს კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს დემოკრატიულ საზოგადოებაში, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლით დადგენილ დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს,“ — წერს ვენეციის კომისია.

ვენეციის კომისია ხელისუფლებას ასევე აკრიტიკებს მესამე მოსმენისას იმ ცვლილების, ფაქტობრივად, მალულად ჩამატებისთვის, რომელიც ეხება პასუხისმგებლობის კერძო პირებზე გავრცელებასაც:

„როგორც ჩანს, დამატებითი, არსებითი ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა კანონში მესამე მოსმენის დროს, დაუყოვნებლივ არ გახმაურებულა. ვენეციის კომისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას გამჭვირვალობის ასეთი არარსებობის გამო.“

ვენეციის კომისია რუსული კანონის, ფაქტობრივად, ყველა ასპექტს მკაცრად აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მას ექნება უარყოფითი გავლენა საზოგადოებრივი ცხოვრების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მუშაობაზე.

„ამ კანონის ძალით უცხოური ძალის ინტერესების გამტარად განსაზღვრას აქვს სერიოზული ზეგავლენა, რადგან ის ძირს უთხრის როგორც სამიზნე ორგანიზაციის ფინანსურ სტაბილურობას, ისე მის საქმიანობას,“ — წერს ვენეციის კომისია და დასძენს, რომ დამამძიმებელი რეგისტრაციისა და ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნა ზღუდავს ამ „სტიგმატიზებული ორგანიზაციების“ დაფინანსების შესაძლებლობას.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ მძიმე ადმინისტრაციული ჯარიმები, მუდმივი კონტროლი ეჭვგარეშედ გაართულებს აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობასა და არსებობას.

ვენეციის კომისიის მიხედვით, აღნიშნული კანონი განსაკუთრებით ცუდ გავლენას მოახდენს იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი.

„მათ გაქრობას კი ექნება უარყოფითი ეფექტი ღია, ინფორმირებულ საზოგადოებრივ დისკუსიაზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე,“ — აღნიშნულია დოკუმენტში.

„ვენეციის კომისიის მყარი რეკომენდაციაა, საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვას უცხოური დაფინანსების მიმღები სამოქალაქო ორგანიზაციების, ონლაინ და სამაუწყებლო მედიებისთვის რეგისტრაციის დავალდებულებაზე, ასევე მათ დაჯარიმებაზე,“ — წერს ვენეციის კომისია და მიუთითებს მოქმედ კანონმდებლობაზე, რომელიც ისედაც ითვალისწინებს ორგანიზაციების ფინანსების კონტროლის მექანიზმებს. მათივე შეფასებით, თუ ხელისუფლებას ეს მექანიზმები არასაკმარისად მიაჩნია, მან უნდა შეიტანოს ცვლილებები უკვე არსებულ კანონმდებლობაში.

გარდა ამისა, ვენეციის კომისია აცხადებს, რომ თუ უცხო ქვეყნების სასიკეთოდ პირდაპირი ლობისტური საქმიანობის დასარეგულირებლად არსებული კანონმდებლობა საკმარისი არ არის, ის უნდა დარეგულირდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები