„მოჰყვება შესაბამისი შედეგები“ — კონგრესის „ჰელსინკის კომისია“ რუსული კანონის მიღებაზე
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, რომელიც „ჰელსინკის კომისიის“ სახელით არის ცნობილი, აცხადებს, რომ რუსული კანონის მიღებას საქართველოს ხელისუფლებისთვის შესაბამისი შედეგები მოჰყვება.

განცხადებას ხელს აწერენ კონგრესმენები: ჯო ვილსონი და სტივ კოენი.

„ჰელსინკის კომისიის“ შეფასებით, „ქართველი ხალხის აბსოლუტური მკაფიო ნების მიუხედავად საქართველოში რუსული სტილის კანონის იძულებითი მიღების მიზანი ქართულ დემოკრატიასა და ხალხის ევროატლანტიკურ მომავალზე საბოლოო
დარტყმაა.

სინამდვილეში, ეს სისუსტის მაჩვენებელია, რადგან თავისუფალი ხალხის დასჯის მიზნით იძულების მცდელობას შესაბამისი შედეგები მოჰყვება.“


კონგრესმენთა თქმით, ეს არის კრემლის მაქინაციების შედეგი, რომელსაც სურს მეზობლების დაპყრობა.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს მთავრობის მიერ რუსული სტილის კანონის იძულებით მიღებას და რეპრესიების ფართო კამპანიას, რომელიც მან დაიწყო.

ჩვენ მოუთმენლად ველით კონგრესში MEGOBARI აქტის წინსვლას, რათა უზრუნველვყოთ პასუხისმგებლობის დაკისრება ქართველი ხალხის ნებაზე ამ თავდასხმის გამო.

შეერთებული შტატები დგას ჩვენს მეგობრებთან, ქართველ ხალხთან, რათა დაიცვას თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის გაწეული ის სამუშაო, რომელიც თაობებმა გასწიეს. ჩვენ მოუთმენლად ველით ქართული დემოკრატიის მხარდაჭერას კანონპროექტსა და იმ სხვა მექანიზმებში, რომელიც ასახული იქნება ამ კანონში“,
— აცხადებს აშშ-ის „ჰელსინკის კომისია“.

საქართველოს პარლამენტის 84-მა წევრმა დღეს მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და საბოლოოდ მიიღო რუსული კანონი, რომელიც ზღუდავს მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები