რუსული კანონი დარჩება ფარატინა ქაღალდად, ჩვენ ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას – NGO-ები
არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი აცხადებს, რომ არ დაემორჩილებიან რუსულ კანონს. მათ მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გაგრძელდება პროტესტი და ბრძოლა კანონის გაუქმებამდე.

“რუსული კანონი ჩვენს ქვეყანაში არ იმუშავებს! ის დარჩება ფარატინა ქაღალდად, რომელსაც არავინ დავემორჩილებით! ხელისუფლებამ გაცნობიერებულად შეუქმნა საფრთხე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, საერთაშორისო რეპუტაციას, სამოქალაქო წესრიგსა და მშვიდობას. ეს გააკეთეს განზრახ, იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ერთმანეთის დახმარება
აღარ შეგვძლებოდა. მაგრამ ჩვენ 55 დღეა ვამტკიცებთ, რომ ქვეყნის სიყვარულში ხალხი არ იღლება. ჩვენი პროტესტი და ბრძოლა გაგრძელდება ამ კანონის გაუქმებამდე!

მათ სცადეს ჩვენი დაშინება სპეცრაზმით, ცემითა და გინებით, დაკავებებით და უკანონო ჯარიმებით, მაგრამ ვერ გათვალეს, რომ არაფერს შეუძლია ჩვენი შეჩერება იმ მართალ საქმეში, რასაც ხალხის დახმარება ჰქვია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმეს – ჩვენ დავეხმარებით ხალხს და ერთმანეთს და არ დავემორჩილებით რუსულ კანონს! ჩვენ არავის დავტოვებთ მარტოს, ჩვენ დავიცავთ ყველა დაკავებულს და ყველა დაჯარიმებულს. ჩვენი იურისტები იბრძოლებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო სასამართლოებში. ჩვენ შევაგროვებთ ფულს, რომ ერთმანეთს გადავუხადოთ ჯარიმები, რაც საქართველოს სიყვარულისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის დაგვაკისრეს.

ჩვენს ბრძოლას ხედავს და მხარს უჭერს მთელი ცივილიზებული მსოფლიო. რუსული კანონის მიღებით საფრთხე ექმნება არჩევნებზე დაკვირვებას, მაგრამ ჩვენ, ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები გპირდებით, რომ დავიცავთ არჩევნებს და თითოეული მოქალაქის ხმას. ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით ყველა საარჩევნო უბანში და დავაკვირდებით, რომ დავიცვათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები! ეს საქართველოა! ჩვენ არ გავრუსდებით! ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ და არა ერთხელ აღაფრთოვანებს მთელ მსოფლიოს თავისუფლებისთვის ბრძოლით. ჩვენ ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას – არა რუსულ კანონს! კი ევროპას!”,
– ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსულ კანონთან დაკაშვირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში 28 მაისს განიხილეს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მას მხარი არ დაუჭირეს. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წინააღმდეგ ხმა 66-მა დეპუტატმა მისცა. ამის შემდეგ კენჭი ეყარა მანამდე სამი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს, რომელსაც 84-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა და, შესაბამისად, პრეზიდენტის ვეტოც დაიძლია.

პროცედურის მიხედვით, ახლა რუსული კანონი 3 დღის ვადაში გადაეცემა პრეზიდენტს, რომელმაც 5 დღის ვადაში მას ხელი უნდა მოაწეროს და გამოაქვეყნოს. თუმცა, ვინაიდან რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია, მასზე ხელს არ მოაწერს. პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში რუსულ კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები