„უცხოური გავლენის კანონის მიღებამ გაყინა საქართველოს ევროინტეგრაცია“ — ჰერჩინსკი
„დიდი სინანულით უნდა გითხრათ, რომ ამჟამად რთულ პერიოდს გავდივართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

დღეს, 19 ივნისს, დიპლომატს ჰკითხეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ, რომლის თანახმადაც, რუსული კანონის ინიციირების შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსები გაიზარდა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ უცხოური გავლენის კანონის ამოქმედება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებებზე. სამწუხაროდ, ეს
მოხდა“,
— განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მომდევნო კვირას იმსჯელებენ კანონის შედეგებთან დაკავშირებით, შემდეგ კი ლიდერების დონეზე გადაწყდება, რა ზომებს მიიღებს ევროკავშირი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე საპასუხოდ.

„[კანონმა] საქართველოს წინსვლის პერსპექტივაზე უდავოდ უარყოფითად იმოქმედა. ამ კანონის მიღებამ, როგორც ვხედავ, გაყინა საქართველოს ევროინტეგრაცია. როგორც იცით, ევროკავშირში ინტეგრაცია საჭიროებს ერთსულოვნებას. ჩვენ უკვე მოვისმინეთ რამდენიმე ლიდერის საჯარო განცხადებები, რომ თუკი ეს კანონი ამოქმედდება, ისინი წინააღმდეგი იქნებიან, საქართველოსთან მოლაპარაკებები დაიწყონ გაწევრიანების შესახებ. კანონი ამოქმედდა და შედეგები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი“, – განაცხადა ელჩმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის გაყინვა ხდება უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნის პარალელურად.

„ასე რომ, ძალიან გულდასაწყვეტია იმის ნახვა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად გაჩერებული და გაყინულია, ამავდროულად, ჩვენ წინ მივიწევთ უკრაინასთან და მოლდოვასთან“, — დასძინა მან.

კითხვაზე, ცვლის თუ არა საგარეო პოლიტიკურ კურსს საქართველოს მთავრობა, ჰერჩინსკი პასუხობს:

„როდესაც აქ ჩამოვედი 2 წლის წინ, აეროპორტიდან მომავალ გზაზე პირველად ვნახე ძველი თბილისი და ქართლის დედის მშვენიერი მონუმენტი. ქალს უჭირავს ერთ ხელში ხმალი, მეორეში კი— ღვინის თასი. როგორც ამიხსნეს, ხმალი მტრებისთვისაა, ღვინის თასი კი— მეგობრებისთვის. საქართველოს გადასაწყვეტია, ვინ არის თქვენი მეგობარი და ვინ — მტერი. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ელჩმა ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის მისიის საქმიანობაზე და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერდა საქართველოს სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, ვინ იყო ხელისუფლებაში. ფინანსური დახმარების კონტექსტში აღნიშნა, რომ ევროკავშირის დახმარება მთავრობისადმი ათჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას.

„ჩვენ აქ ვართ, რომ დავრჩეთ. ეს საქართველოს გადასაწყვეტია, ვინ არის მეგობარი და ვინ — მტერი. ჩვენ გვინდა, საქართველო იყოს ძალიან წარმატებული ქვეყანა და ვართ მომთმენნი. ამ დროისთვის ჩვენი ურთიერთობები რთულ პერიოდს გადის. ოქტომბერში იქნება არჩევნები და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რთული პერიოდი დასრულდება და საღი აზრი გაიმარჯვებს. საქართველოსა და ქართველი ხალხის ნებაა, სურთ თუ არა იყვნენ ევროკავშირის წევრები. საქართველო ჩვენი მხრიდან აღქმულია ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნად და ჩვენ მას ველოდებით“, — განაცხადა ელჩმა.

კითხვაზე, გაიზიარებს თუ არა ევროკავშირი აშშ-ის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, ჰერჩინსკი პასუხობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის ახლო და თანამოაზრე პარტნიორია და ცდილობენ, პოზიციები კოორდინირებული იყოს, თუმცა განსხვავებულნი არიან და განსხვავებული ინსტრუმენტები აქვთ.

„მიზეზები გასაგებია — აშშ ერთი ქვეყანაა, ევროკავშირი 27 სუვერენული ქვეყნის მთავრობათაშორისი ინსტიტუტია. ზოგჯერ ამერიკის შეერთებული შტატები უფრო სწრაფად მოქმედებს, ვიდრე ჩვენ. ვცდილბთ კოორდინირებულად მუშაობას და ერთმანეთში ვცვლით ინფორმაციას, მაგრამ ქმედება ხშირად არ არის იდენტური და არც არის საჭირო, რომ იდენტური იყოს“, – დასძინა ჰერჩინსკიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, რუსული კანონის ინიციირების შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსები გაიზარდა.

„კანონის ინიციირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო ნული. ამ ლოგიკური დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევდა ჩვენ ის შეხვედრები, რომლებიც იმართებოდა ევროკავშირის კონკრეტულ წარმომადგენლებთან. დღეს, კანონის მიღების შემდგე, ეს შანსია გაზრდილი დაახლოებით 20-30%-მდე”,
– თქვა კობახიძემ 17 ივნისს.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები