მოტოციკლებსა და მოპედებს ბასლეინში გადაადგილება შეეძლებათ
მოტოციკლების და მოპედების ავტობუსის ზოლში (ე.წ. ბასლეინში) დაშვებას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი.

ცვლილება შედის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან – ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ენიჭება მოტოციკლს და მოპედს.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს. ამასთან, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლების და მოპედების სწრაფი გადაადგილებით მცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა“, — ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“: არჩილ გორდულაძე, მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი, ნოდარ ტურძელაძე.

კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება მიმდინარე წლის ივლისში რიგგარეშე სხდომებზე და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები