2024 წლის სექტემბრიდან ოკუპირებულ ახალგორის რაიონის სკოლებში ქართულ
ენაზე სწავლება სრულად შეჩერდება.
ინფორმაციას ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
ავრცელებს.
ახალგორის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება 2017 წლამდე მიმდინარეობდა.
2017 წელს ოკუპირებული რაიონის მარიონეტმა მთავრობამ გამოაცხადა, რომ
მოსწავლეებს გაკვეთილები რუსულ ენაზე და რუსული პროგრამით
ჩაუტარდებოდათ.
წლევანდელი დამამთავრებელი კლასი კი უკანასკნელია, რომელმაც განათლება
ქართულ ენაზე მიიღო.
როგორც DRI-ს ანგარიშშია აღნიშნული, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.
უშიშროების სამსახური შესაძლოა, გარემოებას ეთნიკურად ქართველი
მასწავლებლების მოსაშორებლად იყენებდეს.
"მასწავლებლების აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად
ქართველია და განათლება ქართულ ენაზე აქვს მიღებული. ცხინვალის
უშიშროების დე ფაქტო სამსახური ამ გარემოებას ახალგორის სკოლების
ეთნიკურად ქართველი და არალოიალური პედაგოგების მოსაშორებლად შეიძლება
იყენებდეს. მაგალითად, ადგილობრივ მოსახლეობას ახალგორის ერთ-ერთი
სკოლის პედაგოგის გათავისუფლების მიზეზად დასახელებული რუსული ენის
არცოდნა სარწმუნოდ არ მიაჩნია. გათავისუფლების მიზეზი დამაჯერებლად არ
გამოიყურება იმ ფონზეც, რომ პედაგოგი რუსულ ენაზე საგანს აქამდეც
ასწავლიდა, მის შემცვლელად კი, „კაგებე“-სთან დაახლოებული პირი
მოიაზრება". - წერია DRI-ს პრესრელიზში.