სოფელ ატენში მოქალაქისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების
გამო დაკავებულ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის
ინსპექტორს, დემეტრე რევაზაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით
პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.
მოსამართლემ რევაზაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებით, პროკურატურის
შუამდგომლობა დააკმაყოფილა, დაცვის მხარე კი ბრალდებულის 10
000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. თავად დემეტრე
რევაზაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.
ამ საქმეზე ბრალი დაუსწრებლად კიდევ ერთ პირს წარედგინა. პროკურატურა
მას განზრახ მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებს.
პროკურატურის ცნობით, 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში,
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა
დაზარალებულს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. ბრალდებული 31
ივლისს დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის
დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის)
წარედგინა.