"გაკოჭა და დაზიანებები მიაყენა" - ლანჩხუთში მკვლელობისთვის 1 პირს ბრალი დაუმძიმდა
საქართველოს პროკურატურამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აქამდე, შსს წერდა, რომ პირს 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ახლა 1986 წელს დაბადებულ დ.ტ-ს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აგვისტოს, ქალაქ
ლანჩხუთში ბრალდებულმა დაზარალებული თოკით გაკოჭა, რის შემდეგაც ბლაგვი და ბასრი საგნების გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა."
- აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

მოკლულის ოჯახის ახლობლის ცნობით, ბრალდებული ყოფილი სამხედროა, რომელიც შემთხვევის დღეს მოკლულთან ფერმაში მივიდა, სადაც მას სასმლითა და საკვებით გაუმასპინძლდნენ. მისივე ინფორმაციით, მოგვიანებით, არაფხიზელმა ბრალდებულმა კაცი დააბა, აწამა და ამის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გადაიღო. შემდეგ კი, პოლიციაში მივიდა, სადაც სამართალდამცველებს შეატყობინა, რომ კაცს სცემა და "მისულიყვნენ, თუ მიუსწრებდნენ."

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები