მარნეულის ტელევიზიის მფლობელი კიდევ ერთხელ შეიცვალა
მარნეულის ტელევიზიის მფლობელი 4 თვის განმავლობაში ორჯერ შეიცვალა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი თორნიკე ჩაბალოშვილი გახდა, ხოლო ყოფილი მფლობელი, ზაზა ბაბლუანი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე გადავიდა.

8 ივლისს გამოქვეყნებული მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, თორნიკე ჩაბალოშვილმა ზაზა ბაბლუანისაგან ტელეკომპანია სრულიად შეისყიდა. შესყიდვაში ნასყიდობის თანხა მითითებული არაა.

ამონაწერის მიხედვით, თორნიკე ჩაბალოშვილი გენერალური დირექტორია, ხოლო ზაზა ბაბლუანი აღმასრულებელი
დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის ტელევიზია წელს უკვე მეორედ გასხვისდა. თავდაპირველად ტელეკომპანია, 2 აპრილს, ზაზა ბაბლუანმა შალვა შუბლაძისაგან შეისყიდა. რის შედეგაც ტელეკომპანიას ზაზა ბაბლუანი ზვიად კეჭაყმაძესთან ერთად ხელმძღვანელობდა.

ტელევიზიის ვებგვერდზე არსებული ინფრმაციის მიხედვით, მარნეულის ტელეკომპანია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მარნეული ტვ“ 2006 წლის 1 ივნისს დაარსდა. ტელევიზია მარნეულში შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოებად რეგისტრაციამდეც მუშაობდა. მას შალვა შუბლაძე 25 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google