„ქართული ოცნება“ წყალტუბოში მმართველი პარტიის წევრის გარდაცვალებაში
„ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს.
თუმცა „ნაციონალურ მოძრაობა“ აცხადებს, რომ კაცი, ვისაც „ქართული
ოცნება“ ადებს ხელს, პარტიის წევრი ან მათთან დაკავშირებული არ
არის.
„ქართული ოცნების“ წევრი ერმილე გიგიაძე 4 სექტემბერს, ოთხშაბათს
გარდაიცვალა წყალტუბოში. გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის“
მუხლით დაიწყო - სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. ამ მუხლით
იწყება ხოლმე გამოძიება, როცა საწყის ეტაპზე
არ იკვეთება დანაშაულის
კვალი.
მმართველი პარტია აცხადებს, რომ გიგიაძე გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც
მოქალაქემ, როლანდ ნუცუბიძემ მას „მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა
მიაყენა“, - და ამბობს, რომ ნუცუბიძე ოპოზიციის/„ნაციონალური
მოძრაობის“ აქტივისტია.
პროსახელისუფლებო ტელევიზიის, „იმედის“ ცნობით, ინციდენტი წყალტუბოს
მუნიციპალიტეტის, სოფელ გეგუთში მოხდა, წინასაარჩევნო „კარდაკარის“
მიმდინარეობისას.
„ქართული ოცნების“ ვერსიით, „კარდაკარის“ მიმდინარეობისას მათი
პარტიის წევრებს „მიუვარდა“ როლანდ ნუცუბიძე და მათ შორის, როლანდ
გიგიაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა კადრები, სადაც, სავარაუდოდ,
გიგიაძის გარდაცვალების ეპიზოდი ჩანს.
34-წამიან უხმო კადრებში ჩანს, რომ სოფელში „ქართული ოცნების“
ოფისთან, ტროტუარზე რამდენიმე კაცია შეკრებილი; მათ შორის არიან
„ოცნების“ წევრი ერმილე გიგიაძე (მას კუბოკრული პერანგი აქცია და ქუდი
ახურავს) და კაცი, რომელსაც „ოცნება“ ასახელებს, როგორც როლანდ
ნუცუბიძე (შავ პერანგში).
კადრებში ჩანს, რომ "ქართული ოცნების" მიერ როლანდ ნუცუბიძედ
იდენტიფიცირებული კაცი და გიგიაძე კამათობენ; შემდეგ გვერდით მდგარი
ახალგაზრდა კაცი ცდილობს, გიგიაძე ვითარებას გაარიდოს.
რამდენიმე წამში გიგიაძე კოორდინაციას კარგავს, ცდილობს ვინმეს
დაეყრდნოს, შემდეგ კი ძირს ეცემა.
„ოცნების“ წყალტუბოს საკრებულოს წევრმა, გეგუთის მაჟორიტარმა შალვა
კილაძემ განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარება დაახლოებით 15 წუთში
მოვიდა, თუმცა გიგიაძე უკვე გარდაცვლილი იყო.
„დაუწყო პირდაპირ ლანძღვა ერმილეს, თქვენო ეს [პარტიის
ოფისი] რა გაგიკეთებიათო, ქვეყანას ღუპავთო, ჩვენ რომ მოვალთ
ხელისუფლებაში, გაჩვენებთ რაც მოხდებაო“, - ამბობს
კილაძე.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ კაცს, რომელიც კადრებში ჩანს,
პარტიასთან კავშირი არ აქვს.
„არ არის დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან ეს
პიროვნება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ირაკლი
ფავლენიშვილი, საარჩევნო გაერთიანების, „ერთიანობა - ნაციონალური
მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე.
„იმ ადამიანს არ ვიცნობთ. რა შეხედულებები აქვს, ვერ
გეტყვით, მაგრამ პარტიულად ეს ადამიანი არასოდეს არ უკავშირდებოდა
„ნაციონალურ მოძრაობას. არანაირად არ არის დაკავშირებული
პარტიასთან“, - ამბობს ის.
კითხვაზე, მაშ, მისი აზრით, რატომ აკავშირებს „ოცნება“ ამ ადამიანს
„ნაციონალურ მოძრაობასთან“, ფავლენიშვილი ამბობს: „ზოგადად, „ქართული
ოცნება“ ყოველთვის ცდილობს, ყველა ადამიანური ტრაგედია ძალიან
ამორალურად გამოიყენოს. ისინი ადამიანურ ტრაგედიებს იყენებენ
პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც არის ამორალური“.
„ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახს ამ სამწუხარო
ფაქტის გამო“, - ამბობს ფავლენიშვილი.
„ისიც უნდა ვთქვათ, რომ „ოცნება“ ამ ტრაგიკულ ფაქტებს,
თუნდაც თავისი წევრებისას, იყენებს პოლიტიკური
მიზნებისთვის“, - ამბობს ის.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა გიგიაძის გარდაცვალების შემდეგ
განაცხადეს, რომ ეს „ფაშისტური პოლიტიკის გამოხატულებაა“.
„ოცნების“ პარლამენტარმა დავით მათიკაშვილმა თქვა, რომ ეს არის
„ნაცმოძური, ფაშისტური მივარდნა, ლანძღვა და შეურაცხყოფა“, „ნაცმოძური
რადიკალიზმის სახე, ლაკმუსის ქაღალდი, სისხლში გასვრილი ხელები და
ადამიანური მსხვერპლი“.
მისმა თანაგუნდელმა, გივი მიქანაძემ თქვა, რომ „ეს არის კიდევ ერთხელ
დადასტურება და გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკის და საქმიანობისა,
რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა“.
მმართველი პარტია აცხადებს, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში,
გაასამართლებს „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“.
ამ ტერმინით მოიხსენიებს მმართველი გუნდი თითქმის ყველა ოპოზიციურ
პარტიას: „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი“, „დროა“, „გირჩი - მეტი
თავისუფლება“, „ლელო“ და „გახარია - საქართველოსთვის“.