„ქართული ოცნების“ წევრი გივი მიქანაძე „ქართული ოცნების“ ოფისში
გამართულ ბრიფინგზე
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშს
ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტიების აკრძალვა დემოკრატიულ ქვეყნებში
აპრობირებული პრაქტიკაა.
ISFED საკუთარ ანგარიშში აღნიშნავდა, რომ ოფიციალური წინასაარჩევნო
კამპანიის დაწყებას საქართველო ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის
პირობებში ხვდება. მათი თქმით, წინასაარჩევნო ღონისძიებების
დაწყებისთანავე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები
საკუთარ ამომრჩეველს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების
შემთხვევაში, ძირითადი ოპოზიციური
გაერთიანებების ანტიკონსტიტუციურად
გამოცხადებას დაჰპირდნენ.
მიქანაძე, რომელიც წარსულში თავადაც იყო „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ ხელისუფლების ნაწილი, ახლა უკვე „ქართული ოცნების“
ტრიბუნიდან ამ პარტიის აკრძალვის მიზანშეწონილობაზე საუბრობს:
„მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობები
კრძალავენ პოლიტიკურ პარტიებს. ყველა ქვეყანაში ისევე, როგორც
საქართველოში გათვალისწინებულია პარტიების აკრძალვა მკაცრი
კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
ამის დასტურია საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მ3-3 პუნქტი,
რომლის თანახმად დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა,
რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან
ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული
მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის
პროპაგანდას, აღვივებს ეთნიკურ, რელიგიურ, კუთხურ ან სოციალურ
შუღლს.
ამასთანავე, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს აქვთ ვალდებულება აკრძალონ
პოლიტიკური პარტიები თუკი ისინი იყენებენ ძალადობრივ ქმედებებს
პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ან ძირს უთხრიან სახელმწიფოში
პოლიტიკურ ფუნდამენტურ დემოკრატიული პრინციპებს. დღევანდელი საბჭოს 20
სახელმწიფოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის 150-მდე შემთხვევა
ფიქსირდება,“ — აცხადებს გივი მიქანაძე.
გივი მიქანაძე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ 2005 წლის ოქტომბერში დაინიშნა და
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში იყო მითითებული, ის
სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმას უწევდა კურირებას. ეს ის
მიმართულებაა, რომლის გამოც წინა ხელისუფლება ყველაზე ხშირად
უკრიტიკებიათ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ
ძალებს, მათ შორის “ქართულ ოცნებასაც”.
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და ამჟამად გიორგი გახარიას
თანაგუნდელი ლევან გოგიჩაიშვილი იხსენებს, რომ სწორედ იმ პერიოდში,
კერძოდ, 2006 წელს მოხდა გახმაურებული ციხის ბუნტის საქმე, რომელსაც
არაერთი პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა და რაზეც საქართველოს
სტრასბურგის სასამართლომ დარღვევაც დაუდგინა.
ენმ-ის ხელისუფლებაში თანამდებობაზე ყოფნა „ლელოს“ წევრმა სალომე
სამადაშვილმა შეახსენა. სამადაშვილის განცხადების საპასუხოდ, მიქანაძე
ამბობდა, რომ არ რცხვენია, რომ ენმ-ის ხელისუფლების დროს იუსტიციის
მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და აღნიშნავდა, რომ პოსტი
2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ დატოვა:
„გაუხსენებია ის ამბავი, რომ წინა ხელისუფლებაში რაღაც
პერიოდი ვიყავი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, არც მრცხვენია და
ვამბობ, რომ ვიყავი და ვასრულებდი ჩემს საქმეს. თუმცა ის არ ახსოვს,
რომ სწორედ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ წამოვედი იმ
სამინისტროდან“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ბიოგრაფიული ცნობების მიხედვით, რომელიც საქართველოს პარლამენტის
ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, მიქანაძე იუსტიციის სამინისტროში
2005-2008 წლებში საქმიანობდა.
ის, რომ 2007 წლის დეკემბერში მიქანაძე კვლავ იუსტიციის მინისტრის
მოადგილე იყო, მთავრობის №285 დადგენილებითაც დასტურდება, რომელიც
2007 წლის 17 დეკემბერსაა გამოცემული და სამართლებრივი რეფორმების
კოორდინაციის ხელშემწყობი კომისიის შექმნას ეხებოდა. მიქანაძე,
რომელიც კომისიის წევრადაა მითითებული, საქართველოს იუსტიციის
მინისტრის მოადგილედაა მოხსენიებული.
2008 წლის აპრილში შევსებულ დეკლარაციაში კი მიქანაძე უკვე უთითებს,
რომ დოკუმენტს ავსებს როგორც იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე.
შესაბამისად, 2005 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის დეკემბრამდე პერიოდში
მიქანაძეს მოუწევდა ემუშავა იუსტიციის შემდეგ მინისტრებთან:
კონსტანტინე კემულარია, გია ქავთარაძე, ეკა ტყეშელაშვილი.
ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, აღნიშნული თანამდებობის დატოვების
შემდეგ, მიქანაძე თბილისის მერიაში გადავიდა სამუშაოდ, აგლომერაციის
განვითარების სააგენტო, უფროსის მოადგილედ. ამ დროს თბილისის მერი
გიგი უგულავა იყო.
მიქანაძის ბიოგრაფია ასევე მდიდარია იმგვარ ორგანიზაციებთან
თანამშრომლობის გამოცდილებითაც, რომელსაც „ქართული ოცნება“ რუსული
კანონით უცხოურ ძალად აცხადებს კერძოდ, მიქანაძე იყო:
- 2000 – 2001: გაეროს განვითარების პროექტი „სახალხო
დამცველის აპარატის ხელშეწყობა“, იურიდიული მრჩეველი და ფინანსური
მენეჯერი;
- 2004 – 2005: ევროკავშირის პროექტი „სასჯელაღსრულების
სისტემის რეფორმა“, ნაციონალური ექსპერტი ინფორმაციასა და
გადამზადების საკითხებში;
- 2005 – 2005 ეუთო-ს პროექტი „ქუთაისის ციხის პერსონალის
გადამზადება“, პროექტის დირექტორი;
- 2010 – 2013: ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის
ოფიცერი;
- 2009 – 2010: გაეროს განვითარების პროექტი „ადგილობრივი
თვითმმართველობის ხელშეწყობა“;
- 2015 – 2016: ევროპის საბჭო, პოლიციისა და ციხეების
დეპარტამენტი, პროექტის მენეჯერი;
- 2013 – 2015: ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის
უფროსი ოფიცერი.