კობახიძის თქმით, არასამთავრობიებისთვის სახელმწიფო გრანტს გამოყოფს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო საგრანტო პროგრამას შექმნის.
ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როცა საუბრობდა იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირდნენ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება...

რეგისტრაციას არ ერიდებიან უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ, არც რევოლუციური გეგმების რეალიზებაში მონაწილეობენ, არც ქვეყნის რელიგიური იდენტობის შერყევას ცდილობენ, არც ლგბტ-პროპაგანდით არიან დაკავებული და არც სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების მშენებლობისთვის ქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს“,
- თქვა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ზოგიერთი დონორი არასამთავრობო ორგანიზაცებს დაემუქრა და დააშანტაჟა, რათა არ დარეგისტრირებულიყვნენ რეესტრში:

„მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოელი დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ“.

პრემიერის თქმით, ბიუჯეტის ფულით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება იქნება გამჭვირვალე:

„თავისუფლება იქნება, რა თქმა უნდა, ამოსავალი წერტილი და განმსაზღვრელი პრინციპი, ამის გარეშე, იგივე რომ ავიღოთ კორუფციასთან ბრძოლა, ან ნებისმიერი სხვა ინსტიტუტების გაძლიერებასთან დაკავშირებული ამოცანები და ა.შ. თავისუფლების გარეშე ვერცერთის ამოცანა ეფექტიანად ვერ შესრულდება...

აქ იქნება ყველაფერი განსხვავებულად, ორგანიზაციების საქმიანობა იქნება გამჭვირვალე, ამოცანები იქნება შესატყვისობაში სრულად საქართველოს ეროვნულ ამოცანებთან“.

მას არ დაუსახელებია კონკრეტული თანხა, რომელიც გრანტების გაცემისთვის გამოიყოფა, თუმცა თქვა, რომ ეს იქნება რამდენიმე მილიონი ლარი. მისი თქმით, უახლოესი ორი თვე შესაბამისი პროცედურების მოგვარებას დასჭირდება, პირველი საგრანტო პროექტი 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება:

„საგრანტო პროექტები დაფინანსდება ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად. ამ ამოცანებს შორისაა - დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება, შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვა და ა.შ. არასამთავრობო ორგანიზაციები,
რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებდნენ“.

ხანგრძლივი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო კანონი „აგენტების შესახებ“ და 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტოც. კანონი პრეზიდენტმა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოსი გაასაჩივრეს. საქმეზე განმწესრიგებელი სხდომა უკვე გაიმართა - საწყის ეტაპზე სასამართლომ უნდა გამოაცხადოს აჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას საკითხის განხილვის დასრულებამდე.

ე.წ. აგენტების კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეგისტრაციის სურვილი 450-ზე მეტმა ორგანიზაციამ გამოთქვა.

თუ მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ორგანიზაცია აკმაყოფილებს კანონით „კრიტერიუმებს“, მაგრამ მან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას რეესტრში თავად არეგისტრირებს. აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხოური ინტერესის გამტარებელს“ 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.
წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123