რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს
სასამართლომ 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ
გამოიტანა.
გადაწყვეტილების გამოცხადებამდე გიორგი შანიძემ დასკვნითი სიტყვით
ისარგებლა:
„თავს მაინცდამაინც კრიმინალად ვერ მივიჩნევ. აქციებს რაც
შეეხება, ვფიქრობ, ჩემი ქვეყნისთვის საჭირო საქმეს ვაკეთებდი და
ამიტომ ჩავიდინე ის დანაშაული, რაზეც მედავებიან და არა იმიტომ, რომ
სიტყვაზე, კამერის დაზიანება მსურდა ან რაღაცა, როგორც ბატონი
პროკურორი იძახის. ასევე, დანარჩენი დანაშაულიც, ვფიქრობ, ამ მუხლის
მიმართ მიდგომა შეცვლილია და მე ვიცნობ ადამიანებს, რომელთაც
გაცილებით მეტი ოდენობით პირობითით გაუშვეს გარეთ და რომ არა
პოლიტიკური სარჩული, მე საერთოდ არ დამიჭერდნენ და მეც გარეთ
ვიქნებოდი.
ვფიქრობ, თქვენს ხელთ არსებული ბერკეტი შეგიძლიათ გამოიყენოთ 50-ე
მუხლის სახით და პირობითი სასჯელით გამათავისუფლოთ, პატიმრობა არ
მეკუთვნის“, – თქვა მან.
სასამართლოს ეზოში სოლიდარობისთვის შეკრებილი იყვნენ მოქალაქეები:
„გიორგი შანიძე საქართველოს რუსულმა ხელისუფლებამ
შეარჩია, როგორც „საუკეთესო მსხვერპლი“ რუსული კანონის წინააღმდეგ
მებრძოლ მოქალაქეთა შორის, რათა მისი სამაგალითო, დემონსტრაციული
დასჯით შეძლოს საზოგადოების დაშინება, უიმედობისა და უსამართლობის
განცდის გაზრდა და წინასაარჩევნოდ საკუთარი პოზიციების გამყარება.
გიორგი შანიძე არის საქართველოს პატრიოტი მოქალაქე, უკრაინის ომში
მებრძოლი გმირი და კეთილშობილი ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების
განმავლობაში უამრავი ადამიანის სიყვარული და ნდობა დაიმსახურა.
გიორგი შანიძე არის პოლიტიკური პატიმარი, რომელსაც საქართველოსა და
უკრაინის ინტერესებისთვის შეუპოვარი ბრძოლის გამო რუსული რეჟიმის მიერ
4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება…
თავისუფლება პოლიტპატიმარ შანოს!
თავისუფლება რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ
პატრიოტებს!”, – ნათქვამი იყო აქციის საორგანიზაციო
განცხადებაში.
გიორგი შანიძეს პროკურატურა ორი მუხლით ედავებოდა:
სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი – რაც სხვისი
ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი
ზიანი გამოიწვია. პროკურატურის პოზიციით, შანიძის მიერ აღნიშნული
დანაშაული გამოიხატა სამეთვალყურეო კამერების დაზიანებაში.
პროკურატურამ მოგვიანებით შანიძეს ბრალდება წარუდგინა სისხლის
სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილითაც, რაც ნარკოტიკული
საშუალება მცენარე კანაფის მოყვანას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი
4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც „პუბლიკის” მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით გახდა ცნობილი,
პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 2024 წლის აპრილ-მაისში
საპროტესტო აქციის მონაწილე ჯამში 10 პირის მიმართ დაიწყო.