საქართველოს პროკურატურამ, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხების
მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, სამშენებლო კომპანიის დირექტორს და
ამავე კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების მქონე პირს ბრალდება
წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით
დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანიის – შპს „დიღომი თაუერის“
დირექტორმა და ამავე კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების მქონე
პირმა კომპანიას სახელწოდება შპს „თიმ დეველოპმენტით“ შეუცვალეს და
განვადებით ან ნასყიდობით შეძენის ხელშეკრულების საფუძველზე,
მოქალაქეებზე ყიდდნენ სოფელ დიღომში, ოთხი ათასი მესხის ქუჩაზე
მდებარე მშენებარე კორპუსში საცხოვრებელ ბინებს. რეალურად კი
აღნიშნული ფართები უკვე სხვა პირებზე იყო იპოთეკით დატვირთული, ან
გაყიდული, ზოგ შემთხვევაში კი კორპუსი საერთოდ არ აშენდა. ამ გზით
ბრალდებულები 73 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 4 163 620 ლარს
მოტყუებით დაეუფლნენ”, – აცხადებენ პროკურატურაში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული 12 სექტემბერს
დააკავეს. მათ ბრალდება არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის
გამოყენებით, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის საქმეზე
წარედგინათ – ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე
შეეფარდათ.