„ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ
„ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო, ბოდიში უნდა მოვიხადოთ“
უშუალოდ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში არაერთი ჯგუფი
გამოეხმაურა. მაგალითად, პარტია „ერთიანი ოსეთის“ თავმჯდომარემ,
აცამაზ ბიბილოვმა განაცხადა, რომ „ეს კარგი სიტყვებია“.
ამ ოსი პოლიტიკოსის განცხადებით, „საქართველომ, უპირველეს ყოვლისა,
უნდა აღიაროს ოსი ხალხის გენოციდი, ასევე აღიაროს სამხრეთ ოსეთის
რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
აი, მაშინ შეიძლება
ვირწმუნოთ ასეთი განცხადებების გულწრფელობა“.
„რეალურად, ქართული მხარე არ დგამს ნაბიჯებს სამხრეთ
ოსეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი დელიმიტაციისა
და დემარკაციის საკითხზე. […]
საქართველომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღიაროს ოსი ხალხის გენოციდი
1920 წელს, 1989 – 1992 წლებში, ასევე აღიაროს სამხრეთ ოსეთის
რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ძალის გამოუყენებლობის
შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერით, შემდეგ კი შეიძლება ვირწმუნოთ ასეთი
განცხადებების გულწრფელობა“, – თქვა ბიბილოვმა.
ბიბილოვი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის განცხადება მხოლოდ მოახლოებული
არჩევნების გამო გაკეთდა. საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად კი
„საქართველომ უნდა აღიაროს თავისი დანაშაული სამხრეთ ოსეთის
ტერიტორიაზე ომის დაწყებასა და ომის დანაშაულების ჩადენაში და მხოლოდ
ამის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბოდიში გულწრფელად ისმის
ქართველი პოლიტიკოსების ბაგეებიდან“.
„ერთიანი ოსეთი“ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის
ექს-პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტიაა, რომლის
იდეოლოგიური ბირთვია „ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანება რუსეთის
ფედერაციაში“.
___
„ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მას
შემდეგ, რაც აგვისტოს ომის „გაჩაღებისთვის“ ნაციონალურ მოძრაობას
გაასამართლებს, „ბოდიში უნდა მოვიხადოთ“ იმის გამო, რომ ამ პარტიამ
2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.
მისი თქმით, „საკუთარი შეცდომების აღიარება, ქართველებსა და ოსებს
შორის საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება“.
ამის შესახებ ივანიშვილმა გორში ილაპარაკა, სადაც “ოცნების” ლიდერები
ამომრჩევლების წინაშე გამოვიდნენ სიტყვით. ივანიშვილს ვრცელ სიტყვაში
ერთხელაც არ უხსენებია რუსეთის აგრესია, რომელმაც 2008 წელს ბომბები
ჩამოყარა ქალაქ გორში, მათ შორის სკოლასთან, დაანგრია შენობები და
მოკლა ადამიანები, თუმცა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მაშინდელი
ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და კვლავაც განავითარა შეთქმულების
თეორია, რომ ეს ომი სხვა ძალის მიერ იყო დაკვეთილი.
„დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს
ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ,
როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო
შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ
პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის
საკითხი. პირობას გაძლევთ, რომ ქართული ნიურნბერგის პროცესი ძალიან
მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების
წინაპირობა.
ქართველების ერთ-ერთი ღირსება ყოველთვის იყო რეალობისთვის თვალის
გასწორების უნარი, როგორი მწარეც არ უნდა ყოფილიყო ის. საქართველოში
12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის ფონზე, კიდევ უფრო ღრმად მწამს, რომ
სწორედ საკუთარი შეცდომების აღიარება, ქართველებსა და ოსებს შორის
საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება იმ გზის
დასაწყისი, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს
ნდობის აღდგენის სურვილს გაუჩენს.
26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები
გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური
ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს
მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა
ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი
დები და ძმები.
და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის
ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ,
რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავსმოხვეული
ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული ურთიერთპატიებით და
გულწრფელი შერიგებით დასრულდება“, – განაცხადა
ივანიშვილმა.