საპატრიარქო სახელმწიფოსგან მიწის სამ ნაკვეთს მიიღებს, ჯამში 222 063
კვადრატული მეტრს. მათგან ორს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად,
ერთს კი უსასყიდლო უზრუნველყოფის უფლებით, 99 წლის ვადით.
შესაბამისი განკარგულებები პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე 13
სექტემბერს გამოსცა.
საპატრიარქოსთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთთაგან ერთი გორის
მუნიციპალიტეტში, სოფელ ყელქცეულში მდებარეობს. სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი 215 389 კვადრატული მეტრია.
ქონების ეროვნული სააგენტო,
პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად,
მიწის ნაკვეთს საპატრიარქოს 99-წლიანი სარგებლობის უფლებით,
უსასყიდლოდ გადასცემს.
1 ლარად იყიდა საპატრიარქომ სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთები მცხეთასა
და თბილისში.
დედაქალაქში, საბურთალოს რაიონში, ლეო და ნოდარ გაბუნიების #41ა-ში
მდებარე 1004 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთთან ერთად
საპატრიარქო ტერიტორიაზე არსებულ სამ შენობასაც მიიღებს. ეს ტერიტორია
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა.
ამავე დანიშულებისაა მცხეთაში არსებული ტერიტორიაც. თუმცა, მას
მიზნობრივი დანიშულება დაახლოებით 1 თვის წინ, ქონების ეროვნული
სააგენტოს მოთხოვნით შეეცვალა. იქამდე, სოფელ კევლიანში მდებარე, 5670
კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო
დანიშულების იყო. ცვლილების შემდეგ ტერიტორია საპატრიარქოს
არასასოფლი-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთის სტატუსით გადაეცემა.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ქონების ეროვნულ
სააგენტოს ამ განკარგულებების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებების
გატარება დაავალა.