ტელეკომპანია „იმედი“ უარს ამბობს, ეთერში გაუშვას კოალიცია „ძლიერი
საქართველოს“ ფასიანი საარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც მმართველი
პარტიის
- „ქართული ოცნების“ საქმიანობას ნეგატიურად წარმოაჩენს. მედიას ეს
ინფორმაცია კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა
მიაწოდა.
„ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა დაპირებები. ხელისუფლება
რუსეთს მიემხრო და მან იძალადა მშვიდობიან
მომიტინგეებზე“, - ამ სიტყვებით იწყება ვიდორგილი,
რომლის განთავზებაზეც „იმედმა“ უარი თქვა.
კოალიციას უარის შესახებ წერილი ტელეკომპანიის
დირექტორმა, მაკა
ლომიძემ 26 სექტემბერს მიწერა, სადაც გადაწყვეტილება ასე იყო
ახსნილი:
„დასაწყისიდან პირველი 6 წამის განმავლობაში რამდენიმე
ისეთი ინფორმაცია ვრცელდება, რომლებიც იმგვარად ჟღერდება და ტოვებს
ისეთ აღქმას, თითქოს დადგენილი უტყუარი ფაქტებია“.
გარდა ამისა, „იმედმა“ „აგენტების კანონის“ აქციის დაშლის დროს, 2023
წელს გადაღებული კადრები „კოალიცია ცვლილებისთვის“ სააგიტაციო მასალად
მიიჩნია:
„ჩანს აქციაზე მყოფი ქალბატონი ევროკავშირის დროშით - ნანა მალაშხია
და აღნიშნულ კადრს ერთვის ფრაზა, „მან იძალადა მშვიდობიან
მომიტინგეებზე“. შესაბამისად, მოცემულ რგოლში ნანა მალაშხია
წარმოჩენილია, როგორც ძალადობის ადრესატი“.
რადიო თავისუფლება ცდილობს „იმედიდან“ დამატებითი განმარტებებების
მიღებას - პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით
წარმოშობილ დავებს კომუნიკაციების კომისია განიხილავს. მან უკვე
დააკმაყოფილა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მოთხოვნა. „მთავარი
არხი“, „ფორმულა“ და „TV პირველმა“ უარი თქვეს გაეშვათ სარეკლამო
რგოლი, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ჩანდნენ და
ისმოდა მოწოდება: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და
აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“.