აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავრობა
რუსეთისკენ გადაიხარა, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
ჰელსინკის კომისიის განცხადებით, სამხრეთ კავკასია სახიფათო
სტრატეგიული დანის წვერზეა, ვინაიდან რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს
თავისი გავლენა რეგიონში კონფლიქტების გაღვივებით და ამიტომ,
შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებთან ერთად უნდა გადახედონ თავიანთ
მიდგომას.
„სომხეთი, ისტორიულად რუსეთის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე, მოსკოვს
შორდება. ამავდროულად, აზერბაიჯანი აძლიერებს კავშირებს რუსეთთან და
აბალანსებს მათ
ნატოს წევრ თურქეთთან და ევროკავშირთან ხანგრძლივი და
თანამშრომლობითი ურთიერთობებით.
იმავდროულად, საქართველოს „ქართული ოცნების“ მთავრობა რუსეთისკენ და
არალიბერალური ორიენტაციისკენ გადაიხარა, როგორც ჩანს, მიატოვა თავისი
ხალხის პროდასავლური განწყობები. პრორუსული პოზიციისკენ ეს გადახრა
სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოიჩინოს ორმხრივი მიდგომა კავკასიის
მიმართ, გააძლიეროს ანგარიშვალდებულება დემოკრატიული უკუსვლისთვის და
უზრუნველყოს მექანიზმები დასავლურ ინსტიტუტებთან ღრმა და ძლიერი
ინტეგრაციისთვის. ჩვენ ერთად უნდა დავსახოთ წინსვლის გზა“,- ნათქვამია
ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
ჰელსინკის კომისია აშშ-ის დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტოა,
რომელსაც ევალება ევროპაში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების
ხელშეწყობა.
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო ვილსონი,
ამავდროულად, არის MEGOBARI აქტის ინიციატორი. კანონპროექტი
ითვალისწინებს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას, თუ
საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკასა და ადამიანის
უფლებების დარღვევებს შეწყვეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი –
„ოცნების“ წარმომადგენელთა სანქცირებას.