სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩო ამ „ქარდებით“ თავად გახდა დეზინფორმაციის
გამავრცელებელი - სამივე „ქარდი“ დეზინფორმაციული
ან მანიპულაციური ხასიათის იყო, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთო
დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ პარლამენტის
თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას
განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას,
ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში.
„უპირველეს ყოვლისა, საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ
თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში. სამწუხაროდ,
ზუსტად ამას აკეთებს ამერიკის საელჩო, მათ შორის უკვე იუმორის დონეში
გადასული ე.წ. ქარდების სერიით, რომელიც ამავე დროს იყო
დეზინფორმაციული და ტყუილი.
რამდენი ქარდიც გამოქვეყნდა, თითოეული იყო დეზინფორმაცია და
მანიპულაცია. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, მათ შორის მეც არაერთხელ
მქონია სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან თუ დონორებთან საუბარი,
რომ იყვნენ ფხიზლად, რათა არ დააფინანსონ დეზინფორმაცია, ვგულისხმობ
ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას.
სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩო ამ ქარდებით თავად გახდა დეზინფორმაციის
გამავრცელებელი. თუ არ ვცდები, სამი ქარდი იყო, სამივე ქარდი
დეზინფორმაციული ან მანიპულაციური ხასიათის, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს
საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება“, –
განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში ამერიკის შეერთებული
შტატების საელჩო სოციალურ ქსელში პოსტებითა და "ქარდებით" ქვეყნის
ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და ქართველი მაღალჩინოსნების
მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ეხმაურება. გზავნილებს შორის,
რომლის საპასუხოდაც აშშ-ის საელჩომ პოსტები უკვე გაავრცელა,
საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და "ქართული ოცნების"
დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის "კრედიტ სუისთან" ურთიერთობის
საკითხები იყო. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, 3
ოქტომბერსაც გამოაქვეყნა "ქარდი", წარწერით: „იზოლაციაში ქვეყანა ვერ
ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის
ინტერესებს ეწინააღმდეგება“. ბოლოს საელჩომ გამოაქვეყნა "ქარდი"
წარწერით „დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“.