ევროპარლამენტმა ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია საქართველოს
შესახებ,
რომელიც ევროკომისიას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების
შემოწმებისკენ, წევრ სახელმწიფოებს კი ბიძინა ივანიშვილის
დაუყოვნებლივი სანქცირებისკენ მოუწოდებს.
რეზოლუციას, რომელიც არასავალდებულო ხასიათისაა, მხარი დაუჭირა 495-მა
ევროპარლამენტარმა, მის წინააღმდეგ ხმა მისცა 73-მა, ხოლო 86-მა
ევროდეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
კრიტიკული ტექსტი ერთობლივად წარადგინეს და მხარი დაუჭირეს
ევროპარლამენტის ძირითადმა ჯგუფებმა. ეს ჯგუფებია:
- ევროპის სახალხო პარტია;
- სოციალ-დემოკრატები;
- ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები;
- ლიბერალები (RENEW);
- მწვანეები (Greens/EFA).
რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი განმეორებით მოუწოდებს
ევროკომისიას, დროულად შეაფასოს არა მხოლოდ „აგენტების კანონის“,
არამედ „ოჯახური ღირებულებების კანონმდებლობისა“ და სხვა
საკანონმდებლო ცვლილებების გავლენა საქართველოს მიერ სავიზო
ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით,
ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო
ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.
რეზოლუცია ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის "დემოკრატიულ
პარტნიორებს" ხელახლა მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილს "დაუწესოს
დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პირადი სანქციები", საქართველოში
დემოკრატიის მდგომარეობის გაუარესების გამო.
დღევანდელ კენჭისყრას წინ უსწრებდა დებატები, რომლის დროსაც
ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლების კურსი გააკრიტიკეს
ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევის გამო.
მათ განსაკუთრებით გამოყვეს ე.წ. "აგენტებისა" და ლგბტ უფლებების
შემზღუდავი კანონების მიღება, ისევე როგორც საარჩევნო კოდექსში
ცვლილებების შეტანა.
ევროპარლამენტი „წუხს, რომ საქართველოში, - რომელიც ოდესღაც
დემოკრატიული პროგრესისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩემპიონი
იყო, - საკმაოდ დიდი ხანია, დემოკრატია თავისუფალ ვარდნაშია“.
ევროპარლამენტის რეზოლუციას სამართლებრივი ძალა არ აქვს და სიმბოლური
ხასიათისაა. ევროპარლამენტის როლი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის
წარმოებაში შეზღუდულია.
მიუხედავად ამისა, ევროპარლამენტის კრიტიკულმა ტექსტებმა ბიძინა
ივანიშვილს სამართლებრივი პრობლემები უკვე შეუქმნა - 2022 და 2023
წლებში მიღებული რეზოლუციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოიყენა
ბერმუდის სასამართლომ ივანიშვილისა და Credit Suisse-ის დავაში.
Bizi Teleqramda izləyin! Yeni xəbərlər anında kanalda!
Linkə daxil olub
abunə olun!
Bizi WhatsAppda izləyin! Yeni xəbərlər anında kanalda!
Linkə daxil olub
abunə olun!
Digər maraqlı xəbərlər
"Marneuli" radiosunun
Facebook səhifəsində.
Bizi
"Telegram"da
izləyin.
Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!
+995557994415