სადამკვირვებლო მისიამ (“ჩემი ხმა”) ოცდაცხრა საარჩევნო ოლქში
წარადგინა საჩივრები და მოითხოვა, ჯამში, 246 საარჩევნო უბნის
შედეგების გაბათილება. ამ უბნებზე 417 305 ამომრჩეველია
რეგისტრირებული.
დღეს გამართულ ბრიფინგზე მისიის წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ
განმარტა, რომ საჩივრები დაწერილია ძირითადი საარჩევნო პრინციპების
უხეშ დარღვევებზე:
“საჩივრები შეეხება ისეთ სერიოზულ დარღვევებს, როგორიცაა:
ხმის ფარულობა, სხვის ნაცვლად ხმის მიცემა, ან ხმის განმეორებით
მიცემის შემთხვევები, მარკირების შეუმოწმებლობა, მარკირების გარეშე
ხმის მიცემა, უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმა, დაკვირვებაში
ხელშეშლა, განსაკუთრებით ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვებაში
ხელშეშლა, უბანზე არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა, კომისიის წევრების
მხრიდან აგიტაციის ასობით ფაქტი”, – აღნიშნა
თოლორაიამ.
მისია, ჯამში, 246 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს.
დამკვირვებლებმა ყველაზე მეტი დარღვევა შემდეგ ქალაქებში დააფიქსირეს:
ბათუმში მოთხოვნილია 33 უბნის ბათილობა, მარნეულში – 32, გარდაბანში –
27, ქუთაისში – 17, გორში – 15, თელავში – 15.
მისივე განცხადებით, “ჩემი ხმა” სრულიად იზიარებს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის მიერ წარდგენილ საჩივრებს ხმის მიცემის ფარულობის
დარღვევის გამო ელექტრონულად ჩატარებული ყველა უბნის შედეგების
ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.
საიამ ხმის ფარულობის დარღვევის გამო ყველა ელექტრონული უბნის შედეგის
ბათილად ცნობა დღეს მოითხოვა.
ორგანიზაციის განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი საჩივრების
დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან
ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს
არჩევნების შედეგზე.