პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ მოითხოვს, არჩევნებში
მონაწილე ამომრჩეველთა ბაზა ნეიტრალურ და ობიექტურ პლატფორმას
გადაეცეს, ადამიანებს კი შესაძლებლობა ჰქონდეთ, საკუთარი მონაცემები
გადაამოწმონ. ამის შესახებ პარტიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ბექა
ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების შედეგებზე მანიპულაციების დადასტურების
ერთ-ერთი გზა, სწორედ, ამ ელექტრონულ საშუალებებში ინახება.
„დღევანდელი მდგომარეობით, ცესკოს წარმომადგენლებისა და
„ქართული ოცნების“ ცალკეული პოლიტიკური პირების, მათ შორის,
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, მიმართულია არა არჩევნების
სიტემურ გაყალბებასთან დაკავშირებული ფაქტების განეიტრალებისკენ, რისი
ერთ-ერთი გზაც, სწორედ, ზემოაღნიშული ინფორმაციის გამჟღვანებაა,
არამედ მიმართულია დროის გაჭიანურებისკენ!“ - თქვა ბექა
ლილუაშვილმა.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო
არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს
ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია
ჩაატარებს. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა
ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება
მეოთხე ვადით.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო
გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის
საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარეს.
პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარების პასუხად, საქართველოს
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და
საგამოძიებო უწყებას მიმართა. მან წარადგინა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც,
მისი თქმით, ასახულია სავარაუდო დარღვევები.