თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა.
საია ითხოვდა შედეგების გაბათილებას იმ უბნებზე, სადაც ხმისმიცემა
ელექტრონული ტექნოლოგიებით ტარდებოდა. თეთრიწყაროს სასამართლო
ერთადერთია, რომელმაც ორგანიზაციის სარჩელი დააკმაყოფილა.
ორგანიზაციის ცნობით, ეს „ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის
ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით“.
„სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა
და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა,
რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს
ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატრა
შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის
მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი“, –
ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 29 ოქტომბერს საოლქო
საარჩევნო კომისიებში წარადგინა საჩივრები, რომლითაც ითხოვს შესაბამის
ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობას,
სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
საიას განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება
გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური
უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების
შედეგზე.
საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის
ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით
გარანტირებულ საარჩევნო უფლებას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 26 ოქტომბრის
არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ დავას სააპელაციო
სასამართლოებში გააგრძელებს.
პირველი ინსტანციის 24 სასამართლოდან 23-მა არ დააკმაყოფილა
ორგანიზაციის სარჩელები. დარჩენილია ერთი, თეთრიწყაროს რაიონული
სასამართლო, სადაც სხდომა ახლა მიმდინარეობს. 3 ნოემბრის სხდომაზე,
რომელიც თითქმის 7 საათს გაგრძელდა, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ
დააკმაყოფილა ორგანიზაციის მოთხოვნა თეთრიწყაროსა და წალკის ოლქებში
შემთხვევით შერჩეული 3-3 უბნის დალუქული ბიულეტენების გადათვლის
შესახებ. დღეს სწორედ ამ პროცედურით უნდა განახლდა ხდომა.