თბილისის სააპელაციო სასამართლო 23 გაერთიანებული საჩივრიდან მხოლოდ
ცესკოს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
საარჩევნო კომისია მოითხოვდა, გაუქმებულიყო თეთრიწყაროს სასამართლოში
წალკისა თეთრიწყაროს ელექტრონულ უბნებზე არჩევნების ხელახლა ჩატარების
შესახებ გადაწყვეტილება;
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი უბნების ნაწილში ბიულეტენების
ხელახლა გადათვლას მოითხოვდა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაცია“ კი ყველა ელექტრონული უბნების შედეგების გაბათილებას,
რადგან, ორგანიზაციის შეფასებით, დარღვეული იყო ხმის მიცემის
ფარულობა.
„სააპელაციო სასამართლოებმა გამოიტანეს საბოლოო
გადაწყვეტილებები. სასამართლოებმა თქვეს, რომ ის, რაც საკუთარი
გამოცდილებით იცის დაახლოებით 2 000 000-მა მოქალაქემ, სინამდვილეში
არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ ბიულეტების მეორე მხარეს რჩებოდა
მარკერის კვალი (რაც არ უნდა დარჩენილიყო), ამომრჩეველი სათანადოდ
მოხერხებული რომ ყოფილიყო, შეძლებდა ბიულეტენის მეორე მხარეს
დატოვებული კვალი დაეფარა“, - განაცხადა საიას
თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.
სააპელაციო სასამართლოს კოლეგია გოჩა დიდავასა და დიმიტრი
გვრიტიშვილის მონაწილეობითა და დავით ახალბედაშვილის თავმჯდომარეობით
საქმეს 21 საათის განმავლობაში განიხილავდა. მათ გაიმეორეს
თეთრიწყაროს სასამართლოში ჩატარებული ექსპერიმენტი, თუმცა მოსამართლე
ვლადიმერ ხუჭუასგან განსხვავებით, ვერ დაადგინეს ხმის მიცემის
ფარულობის დარღვევა.
სააპელაციო სასამართლოში სასამართლო სხდომები საარჩევნო სარჩელებთან
დაკავშირებით 5 ნოემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა, 5 ნოემბერს,
ოპოზიციური პარტიების მიერ სასამართლოსთან დაგეგმილი საპროტესტო
აქციის ფონზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყველა სხდომა ერთმანეთის
მიყოლებით გადაიდო. თბილისის სააპელაციო სასამართლოში გუშინ, 14
საათზე გაიმართება კიდევ ერთი სხდომა, სადაც განიხილება აღმოსავლეთ
საქართველოში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ
შეტანილი საიას სააპელაციო საჩივრები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება.
არც ამ კოლეგიამ დააკმაყოფილა ხმის ფარულობის შესახებ დაწერილი
სარჩელები.
6 ნოემბრის სასამართლო პროცესზე, ისევე როგორც 5 ნოემბრის სხდომაზე,
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელმა ლელა
მოწონელიძემ მოსამართლე შოთა სირაძის აცილება მოითხოვა და გამოთქვა
ეჭვი, რომ იგი შესაძლოა არ იყოს მიუკერძოებელი. მისივე თქმით, შოთა
სირაძე იყო ხობის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი „ქართული ოცნებიდან“ და
ამასთან არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის მამა.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო
არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს
ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო
ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა
ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება
მეოთხე ვადით.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო
გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის
საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტიც და
ოპოზიციონერი ლიდერებიც.