V-Dem-ის (Varieties of Democracy) თანახმად, არსებული ტენდენციის
გაგრძელებამ შეიძლება საქართველო ავტოკრატიულ ქვეყანად აქციოს.
V-Dem ინსტიტუტის დემოკრატიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით,
საქართველოს 2023 წელს ავტოკრატიასთან ახლოს მდგომი ქვეყანა იყო, რაც
იმას ნიშნავს, რომ დემოკრატიის გაუარესების ნიშნებს აჩვენებდა.
2024 წლის არჩევნების წინ საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოებასა და
პოლიტიკურ ოპოზიციაზე მთავრობის თავდასხმებმა გააჩინა შეშფოთება
ქვეყნის დემოკრატიული მომავლის შესახებ.
V-Dem-ის
შეფასებით, საარჩევნო დაპირისპირება საქართველოს დემოკრატიულ
კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს და არსებული ტენდენციის გაგრძელებამ
შეიძლება საქართველო ავტოკრატიულ ქვეყნად აქციოს.
V-Dem აქვეყნებს გრაფიკს, სადაც ნაჩვენებია, როგორც იკლებს 2016
წლიდან საქართველოში დემოკრატიის შემდეგი 4 ინდიკატორი: პოლიტიკური
პარტიების სიძულვილის ენა, პარტიული ყალბი ინფორმაციის შიდა
გავრცელება, დაკავებები პოლიტიკური ნიშნით და თავისუფალი და
სამართლიანი არჩევნები.
აღნიშნულ გრაფიკზე ნულთან მიახლოებული ქულა ნიშნავს, რომ სიტუაცია
გაუარესდა.
„საარჩევნო პროცესის ხარვეზები, როგორიცაა ამომრჩეველთა
დაშინება, ძირს უთხრის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.
ამასთან, პრემიერ-მინისტრი კობახიძე ოპოზიციას „კრიმინალურ პოლიტიკურ
ძალებს“ უწოდებს და ოპოზიციური პარტიების აკრძალვით იმუქრება, რაც
პოლიტიკური დისკურსის გაუხეშებაზე მიუთითებს.
დემოკრატიის მომხრე მომიტინგეების და სამოქალაქო საზოგადოების
წევრების მიმართ ცილისწამება, რომ ისინი უცხოეთის აგენტები არიან,
აჩვენებს ხელისუფლების დეზინფორმაციულ ტაქტიკას. სამოქალაქო
აქტივისტები, რომლებიც გამოხატავენ წინააღმდეგობას, სულ უფრო ხშირად
ექცევიან პოლიტიკურ დაპატიმრებებისა და ბრალდებების ქვეშ. ეს
დაძაბულობა საფრთხეს უქმნის არჩევნების
სამართლიანობას“, – ნათქვამია V-Dem-ის შეფასებაში.
V-Dem (დემოკრატიის ვარიაციები) არის უნიკალური მიდგომა დემოკრატიის
კონცეპტუალიზაციისა და გაზომვისთვის. V-Dem აღიარებს დემოკრატიის ხუთ
მაღალი დონის პრინციპს: არჩევნებს, ლიბერალიზმს, მონაწილეობას,
ჩართულობას და თანასწორუფლებიანობას და აგროვებს მონაცემებს ამ
პრინციპების შესაფასებლად.