“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ
ცესკომ “სმარტმატიკის” ბრენდირებული მარკერების ნაცვლად სხვა
მარკერები გამოიყენა.
მისი თქმით, სწორედ ამან გამოიწვია კენჭისყრის დღეს ბიულეტენის მეორე
მხარეს მარკერის კვალის დაფიქსირება.
ბოკუჩავამ განაცხადა, რომ შესაბამის მტკიცებულებებს წარადგენს
სასამართლოზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.
“ნაციონალური მოძრაობა ითხოვს ყველა შემაჯამებელი ოქმის
ბათილობას. შესაბამისად, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების ბათილობას
სრულად. ადგილი ჰქონდა სამი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას:
ფარულობის, თავისუფალი ნების და საყოველთაობის, ტოტალურად ყველა
უბანზე.
ამასთან ერთად, ჩვენ წარმოვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან
მტკიცებულებებს. მათ შორის იმაზე, რომ ცესკომ სრულიად უკანონოდ და
საკონტრაქტო პირობების დარღვევით, “სმარტმატიკის” ბრენდირებული
მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომელსაც
მტკიცებულების სახით წარვადგენთ ჩვენ სასამართლოზე სხვა
მტკიცებულებებთან ერთად. ეს მარკერები ტოვებდა სწორედ იმ კვალს, რის
საფუძველზეც ილახებოდა ფარულობის, შესაბამისად, თავისუფალი ნების
გამოხატვის კონსტიტუციური პრინციპები”, – განაცხადა
ბოკუჩავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სხდომა, სადაც
“ერთიანობა – ნაციონაკური მოძრაობა”, “ძლიერი საქართველო” და
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სარჩელები იხილება. მათ
სარჩელები ცალ-ცალკე წარადგინეს, მაგრამ სასამართლომ გააერთიანა.
სამივე საქმეს ერთად განიხილავს მოსამართლე ივერი აბაშიძე.