პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებული ოპოზიციური
პოლიტიკური სპექტრი ახალი ძალებით უნდა ჩანაცვლდეს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა, არჩევნების
გაყალბების მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს და ოპოზიცია თავად
ადგას გაუქმების გზას, რაც ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა.
„ისინი თავის ხელით აკეთებენ იმ საქმეს, რაც ჩვენ უნდა
გაგვეკეთებინა. ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდ ხანს
აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ახალი,
ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით და რეალურად აქეთკენ მიჰყავთ საკუთარი
ხელით პროცესები“, — განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტს არ სჭირდება
ოპოზიციის ლეგიტიმაცია.
„ყველაფერი არის მშვიდად, წყნარად. არჩევნების შედეგები
შეჯამდება. აქედან მეათე დღეს გაიმართება პარლამენტის სხდომა. ამის
შემდეგ დაიწყება საპარლამენტო ცხოვრება. ძალიან მალევე, სავარაუდოდ,
იანვრის დასაწყისში გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები. ამის შემდეგ
შედგება პრეზიდენტის ინაუგურაცია. ქვეყანა ჩვეულებრივად აგრძელებს
ცხოვრებას, გრძელდება არაერთი პროექტის განხორციელება, ვიწყებთ ჩვენი
4-წლიანი პროგრამის შესრულებას. 4 წლის თავზე შესაბამის ანგარიშს
ჩავაბარებთ ქართულ საზოგადოებას. დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში,
რის დადგმასაც ახლა ოპოზიცია ცდილობს“, — განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო ძირითადი ოპოზიციური
პარტიების აკრძალვა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების
შემთხვევაში. „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღო
და პარლამენტში 89 დეპუტატი ეყოლება.
ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, მმართველმა გუნდმა ოპოზიციური
პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადება საკონსტიტუციო
უმრავლესობის გარეშეც სცადოს.