დღეიდან საქართველოში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა იწყება - რა უნდა ვიცოდეთ
დღეიდან საქართველოში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო.

პირველ ეტაპზე, 14-23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება მოსახლეობის თვითრეგისტრაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ მოქალაქეები თავად, საქსტატის პერსონალის დახმარების გარეშე, შეავსებენ აღწერის კითხვარებს, წინასწარ მომზადებულ ვებ-პლატფორმაზე.

მეორე ეტაპზე, 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით კი, საქსტატის მიერ მომზადებული 11 000-მდე საველე პერსონალი სპეციალური კითხვარების მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით კარდაკარ
გამოჰკითხავენ მოსახლეობას.

დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, მოსახლეობის აღწერასთან ერთან ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც. სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ.

კერძოდ, შეგროვდება მონაცემები შინამეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის სტრუქტურის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუნიციპალიტეტების, ტერიტორიული ერთეულების და სოფლების დონეზე.

მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ბიუჯეტია 29.2 მილიონი ლარი. აღწერის ჩატარების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს 2023 წლის 31 მაისის საქართველოს კანონი „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“, საქსტატის დებულება და სხვა ნორმატიული-სამართლებრივი აქტები.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, აუცილებელია, თითოეულმა მოქალაქემ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და მასში მონაწილეობა მიიღოს.

„აღწერა მთელს მსოფლიოში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველოში ბოლოს 2014 წელს ჩატარდა. ეს აღწერა კი იმით არის გამორჩეული, რომ ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით იქნება შესაძლებელი და ადამიანს ექნება საშუალება, ეწვიოს ჩვენს ვებ-გვერდს და მისთვის სასურველ დროს შეავსოს კითხვარი, ხოლო ვისაც ამისი საშუალება არ ექნება, ჩვენი ინტერვიუერები კარდაკარის პრინციპით ეწვევიან და ამ გზით ჩაატარებენ გამოკითხვას, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ადამიანი ელექტრონულად ავსებს კითხვარს, მასთან მაინც მიდის ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც უჩვენებს ელექტრონულად გენერირებულ კოდს, რომელიც კითხვარის შევსების შემდეგ მიენიჭება,“
- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

მისი თქმით, კითხვარი სამ ნაწილად არის შედგენილი და ეს ნაწილებია: ოჯახის შესახებ ინფორმაცია; დეტალური ინფორმაცია საცხოვრისის კეთილმოწყობის შესახებ - როდის აშენდა შენობა, სადაც რესპონდენტი ცხოვრობს, რამდენი ოთახია, არის თუ არა აღჭურვილი კომუნიკაციებით და ა.შ. პერსონალური ინფორმაცია - საიდენტიფიკაციო მონაცემები, ეროვნების, აღმსარებლობის, განათლების, ენების ფლობის, დასაქმების სტატუსის, მიგრაციის შესახებ სტატუსის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ა.შ.

აღწერის პირველად შედეგებს საქსტატი 2025 წლის ივნისში გამოაქვეყნებს.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345